"სამარშრუტო ხაზები არის და ყოველთვის იყო ქალაქის საკუთრება"
ქუთაისში მძღოლების გაფიცვის ფაქტს მერია ეხმიანება. ტრანსპორტის განყოფილების განცხადებით, არ დრომდე არსებული მდგომარეობა ვერანაირი გათვლებით ვერ პასუხობდა ეფექტურ მიდგომებს. ნებართვის საფასურები იყო ძალიან დაბალი, ე.წ ,,ბაზების" გარეშე კონკურსში მონაწილეობა აზრს მოკლებული იყო. არ ხდებოდა ავტოპარკის რეგულარული განახლება, დროის გრაფიკებისა და სვლა-გეზების დაცვა. პროცესს არც სფეროს მოწესრიგებისა და არც ფისკლაური ეფექტი ჰქონდა. 2013 წელს ბიუჯეტში ნებართვების საფასურიდან შემოსავალს 270 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 300 ათას ლარს შეადგენდა. 2011 წლიდან არ მომხდარა ავტოპარკის განახლება. მომსახურების დაბალი ხარისხი კი მოსახლეობაში ნეგატიური განწყობის მატებას უწყობდა ხელს.
"ტრანსპორტის სფერო ისევე, როგორც სხვა რეგულაციის სფეროები, პირველ რიგში, უნდა იყოს გათვლილი საზოგადოებრივ ინტერესებზე. სწორედ ამ მიზნით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ იქნა შემუშავებული წესი, რომელიც მგზავრობის ტარიფის შენარჩუნებაზე, ბიუჯეტის შემოსულობების ზრდაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესებასა და მძღოლების გამოცდილებაზე არის ორიენტირებული. ამ წესით, ღია და გამჭირვალე კონკურსით გათამაშდა M2 კატეგორიის 20 სამარშრუტო ხაზი, რომელზედაც ყოველთვიური საფასურის სახით ბიუჯეტში შედიოდა 10,0 ათას ლარამდე და დღეს 4-ჯერ მეტი, 40,0 ათას ლარზე მეტი თანხის მობილიზება ხდება ყოველთვიურად. 2016 წლის ბიუჯეტში წლიურად ეს თანხა 600 ათას ლარს გადააჭარბებს",–აცხადებენ ტრანსპორტის განყოფილებაში, სადაც # 23 სამარშრუტო ტაქსებზე არსებულ მდომარეობას განმარტავენ, რომლის მიხედვიტაც ახალი წესის მიღებამდე საფასური იყო 600 ლარი, ახალი რეგულაციით დადგინდა 1350 ლარი და კონკურსის შედეგად დაფიქსირდა საბაზრო ფასი 4777 ლარის ოდენობით. ასევე შემცირდა #38 სამარშრუტო ხაზზე ფიქსირებული გადასახადი",–აღნიშნულია განყოფილების განცხადებაში.
ქუთაისის მერიაში ასევე განმარტავენ, რომ #38 და #23 სამარშრუტო ხაზებზე დამარცხებულმა პრეტენდენტებმა ამ კონკურსის შედეგად სხვა ლოტებზე გაიმარჯვეს, წარმოადგინეს უკეთესი სატრანსპორტო საშუალებები და ბიუჯეტში შესატანი მნიშვნელოვნად გაზრდილი თანხები. თუმცა, სადაც გაიმარჯვეს, იქ კონკურსის წესი არ გაუპროტესტებიათ, ამიტომ მერიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნულმა რეფორმამ ყოფილ ჩინოვნიკებზე იმოქმედა.
"უპირველეს ყოვლისა, ისინი დამარცხებული კომპანიების მძღოლების ემოციურ ფონს ეფარებიან. სამარშრუტო ხაზები არის და ყოველთვის იყო ქალაქის საკუთრება, კონკურსები კიდევ გამოცხადდება და ყველას აქვს მასში მონაწილების მიღების და საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრის უფლება",–აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















