|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის რეალური მიზანი პარტიული აქტივის დასაქმებაა"

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას გაერთიანებული ოპოზიცია ეხმიანება. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ რეორგანიზაციის რეალური მიზანი პარტიული აქტივის დასაქმებაა.

შუშანიას თქმით, მერიაში დამატებით აუდიტის სამსახური და კიდევ ახალი ააიპი იქმნება, ასევე სხვადასხვა სამსახურებში გაზრდილია შტატების რაოდენობა.

"მიგვაჩნია, რომ ქუთაისის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა არა მერიის მენეჯმენტის გაუმჯობესებას და პრობლემების მოგვარებას, არამედ პოლიტიკური და ვიწრო პარტიული ამოცანების გადაჭრას, რაც დადასტურდა ქუთაისის მერის მიერ საკრებულოში წარმოდგენილი ახალი სტრუქტურით. ახალი სტუქტურის მიხედვით იქმნება 1 ახალი სამსახური და 1 ახალი ააიპი, ასევე სხვადასხვა სამსახურებში გაზრდილია შტატების რაოდენობა.

რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისი მიიღებს გაზრდილ ბიუროკრატიას, დასაქმებული პარტიული აქტივისტებისა და ახლობლების გაზრდილ რაოდენობას და ბიუჯეტიდან მათ შენახვაზე გაწეული ხარჯების ზრდას. ხოლო ქალაქის წინაშე არსებული პრობლემები ისევ უცვლელი დარჩება. რეორგანიზაციის შედეგად კიდევ უფრო იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე იქმნება ახალი ააიპი, რაც "ქართული ოცნების" დანერგილი ტრადიციის შესაბამისად ავტომატურად ნიშნავს პარტიული აქტივისათვის დასაქმების ბიუროს ფუნქციის შესრულებას"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

მან ასევე ისაუბრა აუდიტის სამსახურის ფუნქციაზე.

"ასევე გაურკვეველია აუდიტის განყოფილების ნაცვლად აუდიტის სამსახურის შექმნა, როდესაც საზოგადოებას არ უნახავს განყოფილების მიერ მომზადებული არცერთი დასკვნა ჩავარდნილ პროექტებთან და მუშაობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. უფრო მეტიც, განყოფილებამ საზოგადოებას მისი ხელმძღვანელის ირგვლივ განვითარებული სკანდალით დაამახსოვრა თავი", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა