მერის სარეზერვო ფონდიდან დახმარება 732-მა ადამიანმა მიიღო
2016 წელს ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან 337 780 ლარი გაიხარჯა, - ინფორმაცია ამის შესახებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა "ნიუპრესის" კითხვის პასუხად მოგვაწოდა.
აღნიშნული ინფორმაციით ირკვევა, რომ გასულ წელს სარეზერვო ფონდიდან დახმარების სახით თანხა 732-მა ადამიანმა მიიღო, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმებით მოხდა ამ ადამიანების შერჩევა.
როგორც მერიაში განმარტავენ, თანხების სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით - სამედიცინო დახმარებებზე, კულტურ-საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, სოციალურ პროგრამებსა და ხანძრის და სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულებზე გაიცა.
სარეზერვო ფონდში თანხების ამოწურვის მიზეზით წლის ბოლოს ძლიერი ქარის შედეგად სახურავის გარეშე დარჩენილი კორპუსის მცხოვრებლების დასახმარებლად თანხის გამოძებნა შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც ადგილობრივების პროტესტის მიზეზი გახდა.
მერის სარეზერვო ფონდი 400 ათას ლარს შეადგენს და მისი განკარგვა ქალაქის მერის პრეროგატივას წარმოადგენს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















