სახურავის გარეშე დარჩენილი კორპუსის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
ქუთაისში, მელიქიშვილის #4-ში რამდენიმე კვირის წინ ქარმა კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა. დაზარალებულ მოსახლოებას დახმარებას თვითმმართველობა დაპირდა. შესაბამისმა კომისიამ ზარალის შესწავლა მოახდინა, თუმცა კორპუსი ამ დრომდე სახურავის გარეშე რჩება.
ადგილობრივი მოსახლეობა თვითმმართველობას უყურადღებობაში ადანაშაულებს, მათ დღეს აქცია გამართეს. მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციამ. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება.
„გახსოვთ, ალბათ, ქარმა სახურავი რომ გადახადა კორპუსს, მოვიდა ქალაქის მერი და მოსახლეობას დახმარებას დაპირდა. მას შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა და ეს ხალხი ჯერ კიდევ სახურავის გარეშე დარჩენილ კორპუსში ცხოვრობს. ნორმალურ ქვეყანაში მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი მოსახლეობის მიმართ. რაც ქუთაისში ხდება, არანაირ ფარგლებში არ ჯდება“-განაცხადა გოგი წულაია.
ბრალდებას ქუთაისის მერიაში პასუხობენ. საბინაო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, სახლის სრულად გადახურვას პროცედურები სჭირდებოდა, რის შესახებაც ინფორმირებული იყო მოსახლეობა. სრულად გადახურვამდე კი მერიამ ტენტის შესაძენად 600 ლარი გამოყო.
„მოგესხენებათ, ქალაქმა 350 000 ლარის ზარალი მიიღო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტი სრულად ვერ გაწვდებოდა. ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მოხდება კორპუსის გადახურვა, რასაც რიგი პროცედურები სჭირდება. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლოებამ. უკვე ფორმდება ხელშეკრულება შემსრულებელ კომპანიასთან და უახლოეს დღეებში მოხდება გადახურვა. იქამდე კი, წყალი რომ არ ჩასვლოდათ, გამოიყო 600 ლარი ტენტის შესაძენად და მათ შეეძლოთ ეზრუნათ საკუთარ კორპუსზე და მიეყვანათ იმ ეტაპამდე, რომ დროებით წყალი არ ჩასვლოდათ“, -აცხადებს ვლადიმერ ნაკაშიძე.
ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდი სწორედ ასეთი გადაუდებელი შემთხვევებისათვის არის განკუთვნილი, თუმცა, როგორც ნაკაშიძემ განმარტა, რადგანაც წლის ბოლოა, სარეზერვო ფონდში თანხები ამოწურულია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვად მოსული ნალექის გამო მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















