ქუთაისის მერიის ააიპებს ხელფასების გასაცემად დამატებითი თანხები გამოეყო
"ქუთაისის ბიუჯეტი 173 600 ლარით გაიზარდა და მთლიანად 2018 წლის ასიგნებებმა 66 517 200 ლარი შეადგინა"- ამის შესახებ მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ტარიელ მაკარიძემ განაცხადა.
მან ქალაქის საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა.
ცვლილებების თანახმად, თანხები მერიის შემდეგ ააიპებს დაემატა: ააიპ. "სპეციალურ სერვისებს"- 15 ათასი ლარი, კულტურის ააიპს - 135 ათასი ლარი, საკალათბურთო გუნდს "ქუთაისი 2010" 150 ათასი ლარი დაემატა, ხელბურთის გუნდს - 25 ათასი ლარი.
"ბიუჯეტს თანხები წინა წლის პროექტებიდან და გრანტების სახით დაემატა, გარდა ამისა მოხდა თანხების გადანაწილება და მერიის ააიპებს დაემატა თანხები, რომ მათ წლის ბოლოს არ შექმნოდათ შეფერხებები კომუნალური ხარჯებისა და ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით"-განაცხადა მერიის წარმომადგენელმა.
ცვლილება შეეხო სოციალური საცხოვრისისათვის წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულ თანხას, რომლის გამოყენებაც არ მოხდა და 528 ათასი ლარი მთლიანად გადავიდა მომდევნო წლის ბიუჯეტში. ოპოზიცია დაინტერესდა აღნიშნული საკითხით. "საცხოვრისთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოკვლევის შედეგიდან გამომდინარე"-განაცხადა მაკარიძემ.
ტარიელ მაკარიძის თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მხრივ პრობლემები არ არის. "მე მგონი ბიუჯეტი დასრულდება ნაშთით 3 მნლ-ს ფარგლებში"-განაცხადა მან.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















