ქუთაისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 900 ათასი ლარი დაიხარჯება
ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულმა ზარალმა თითქმის მილიონ ლარს მიაღწია. ზარალი ქუთაისის მერიამ დათვალა და მთავრობას დახმარებისათვის მიმართა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის საბინაო სამსხურის უფროსი ჯონი არაბიძე ესაუბრა.
"30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს განვითარებული სტიქიური მოვნენების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 915 ათასი ლარი შეადგინა, ჩვენ ამ თანხის მოთხოვნით საქართველოს მთავრობას მივმართეთ, საიდანაც სპეციალური განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის 900 ათი ლარი გამოიყო. ამ თანხის ძირითადი ნაწილი უკვე ათვისებულია.
ამ დროისათვის მოსახლეობისათვის დარიგებული გვაქვს 6 ათასი კვ.მ გოფრირებული თუნუქი, რაც არის დაახლოებით 130 ათასი ლარის ღირებულების, 200 ცალამდე ფურცლოვანი თუნუქის, რაც 12 ათასი ლარის ღირებულებისაა, ასევე ბრტყელსახურავიანი კორპუსების გადასახურად საჭირო ჰიდროსაიზოლაციო მასალა, დარიგების პროცესი მიმდინარეობს და ქალაქის მასშტაბით 900 ე.წ. ტოლის რულონი დარიგდება", - განაცხადა ჯონი არაბიძემ.
მისი თქმით, სამუშაოების შესრულებისათვის გამარტივებული შესყიდვების გზით ხელშეკრულება რამდენიმე კომპანიასთან გაფორმდა.
მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების შეკეთებაზე შპს "ბანი", "თეგეკა უნივერსალი" "ლა მოდერნა", "ტუ-კა", "ელეონ ტური" და რამდენიმე ინდმეწარმე მუშაობს. მათ სამუშაოების დასრულება 10 იანვრის ჩათვლით უნდა უზრუნველყონ.
შეგახსენებთ, ქუთაისში ძლიერმა ქარმა წააქცია 150 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 170 შენობას ახადა სახურავი. მერიის საბინაო სამსახურის მიერ დათვლილ ზარალში არ შედის დაზიანებული ავტომანქანების საფასური.
სტიქიამ დააზარალა იმერეთის 11 მუნიციპალიტეტი, ზარალმა დაახლოებით მილიონ ლარს მიაღწია.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















