ქუთაისის მერმა არასამთავრობო სექტორს გასული წლის ანგარიში წარუდგინა
ქუთაისის მერმა გასული წლის ანგარიში არასამთავრობო სექტორს წარუდგინა. "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" ქუთაისის ორგანიზაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მერმა გასულ წელს განხორციელებულ პროექტებზე ისუბრა, ასევე გააჟღერა დაანონსებული პროექტები.
მერის ანგარიშში მთავარი აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდა. გიორგი ჭიღვარიას ანგარიშს წყალმომარაგების კომპანიის მიმართ გამოთქმული შენიშვნების გარეშე არ ჩაუვლია.
"გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. დაიგო არაერთი გზა, განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ქუჩა, რომელიც ევროპული სტანდარტებით მოვაწყვეთ. წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანიის გამო შეფერხებები გვაქვს ქუჩებზე და სამუშაოები ვადებში ვერ სრულდება. ასათიანის ქუჩაც პრობლემატური იყო წლების განმავლობაში და თავიდან მოგვიხდა დაპროექტება. გასულ წელს 11 მილიონი ლარი მივიღეთ რეგიონული განვითარების ფონდიდან და ვმუშაობთ, რომ თანხა გავზარდოთ"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მერმა ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე და აქცენტი რიონისპირა სახლებზე, გალერეასა და ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციაზე გააკეთა. მისი თქმით, მდინარე ოღასკურაზე სამუშაოების პირველი ფაზა სრულდება და მალე მეორე ფაზა დაიწყება, რაც პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ დაზიანებული არხის რეაბილიტაციას გულისხმობს.
ორგანიზაციის კოორდინატორის თემურ ჯვარშეიშვილის თქმით, მნიშველოვანია თვითმმართველობამ სამიზნე ჯგუფებს მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოების შესახებ და მოისმინოს მათი შენიშვნები. ანგარიში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















