|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერს საბიუჯეტო თანხების სავარაუდო არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

ქუთაისის მერს არაპროფესიონალიზმსა და საბიუჯეტო სახსრების სავარაუდო არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ბრალდებები დღეს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ გააჟღერა და  საკითხით დაინტერესებისაკენ აუდიტის სამსახურს მოუწოდა.

 მისი თქმით, ბენზინის მაღალი ლიმიტის ასათვისებლად მივლინენების ბრძანებები ერთი ან ორი თვის დაგვიანებით იწერება, რაც სავარაუდოდ, საწვავის ხარჯის გამართლების მიზნით ხდება. 

"საქმე ეხება მივლინებებს, ჩვენ შევისწავლეთ ქუთაისის მერის მიერ 2018 წელს მივლინებებთან დაკავშირებული ბრძანებები, აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი ბრძანება დაახლოებით 40 %, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, დაწერილია არა მივლინებამდე, არამედ მივლინებიდან ერთი თვის შემდეგ, ორი თვის, ორი კვირის შემდეგ.  კანონი ითვალისწინებს, რომ ჯერ იწერება ბრძანება, იურიდიული საფუძველი იქნება და ამის შემდეგ მიდის ადამიანი მივლინებაში. ასევე,  გაირკვა, რომ ვიცე მერი იუზა უგულავა, ერთი და იმავე დროს ყოფილა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ჯერ ჭუბერში და შემდეგ ბათუმში... სავარაუდოდ, ეს უკავშირდება არამიზნობრივად  გახარჯული საწვავის ჩამოწერას. თითოეულ ვიზიტზე გაწერილია 60 - 80 ლიტრი საწვავი, ჯამში, ასეთი არასახარბიელო დამოკიდებულების გამო ბიუჯეტმა 440 ათასი ლარი დახარჯა მხოლოდ საწვავზე, 100 ათასი ლარი იყო გამოყოფილი მივლინენებზე. ასი ათასობით ლარი გადასახადების გადამხდელების ფული იფლანგება. ჩვენ მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტებზე გამოძიება, იკვეთება სავარაუდოდ ბიუჯეტის ფლანგვის, მინიმუმ თანამდებობრივი გულგრილობის ფაქტები. ეს მივლინენები და ბრძანებები ნათლად ადასტურებს, რომ ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში, ქალაქ ქუთაისის მერი არის არაპროფესიონალი და მისი აპარატიც თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას, უარეს შემთხვევაში კი, ადგილი აქვს ბიუჯეტის თანხების მითვისებას", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისი თქმით, ქუთაისის მერზე საწვავის ისეთი მაღალი ლიმიტია გათვალისწინებული, მთელი დღეები რომ იაროს მანქანით და არ გაჩერდეს, მაინც საკმარისი იქნება. 

საკითხთან დაკავშირებით მერიის კომენტარს შესაძლებლობისთანავე მოგაწვდით.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა