ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლას ახალი დეირექტორი ჰყავს
ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს. პოსტი ქეთევან მახარაშვილმა დაიკავა.
მახარაშვილი პროფესიით იურისტია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე ემორის უნივერსიტეტი. იყო საქართველოს 6-ე მოწვევის პარლამენტის წევრი.
ქეთევან მახარაშვილი უკვე გაეცნო თანამშრომლებს და სკოლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩემი, როგორც ჟვანიას სკოლის დირექტორის, მთავარი ამოცანაა სკოლამ განსაკუთრებული როლი შეასრულოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამის შემდგომი გაფართოება, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცემს საშუალებას აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო, თუ საჯარო სივრცეში. სკოლა გააგრძელებს საჯარო მოხელეების გადამზადებას მაღალმთიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა უფრო კვალიფიციურად განახორციელონ ადგილობრივ დონეზე მომსახურების მიწოდება. დარწმუნებული ვარ, ჩემს გუნდთან ერთად სკოლის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას წარმატებით დავძლევთ“-განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.
მან დირექტორის თანამდებობაზე ქეთევან ჯაყელი შეცვალა, რომელსაც სკოლის წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. 2014 წლიდან სკოლა ფუნქციონირებს განახლებული პროგრამებით.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ხორციელდება შემდეგი პროგრამების ფარგლებში: ,,საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება", ,,სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა” და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამა".
სკოლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები (სწავლება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ), ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირი ხელშეკრულების საფუძველზე(გარკვეული საფასურის სანაცვლოდ).

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















