|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "სოკარ გაზს" გაზრდილი გადასახადის გამო აბონენტები უპირისპირდებიან

ქუთაისში მოქალაქეები კომპანიას "სოკარ გაზი" გაზრდილი გადასახადის გამო ადანაშაულებენ. აბონენტების ინფორმაციით, მათ იანვრის თვეში გასამმაგებული გადასახადი მიუვიდათ.

მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ მსგავსი პრობლემა არა ერთეულ, არამედ ბევრ აბონენტს შეექმნა. მათივე ინფორმაციით, პრობლემაზე სხვა ქალაქების მცხოვრებლებიც საუბრობენ.

"იანვარში თითქმის გასამმაგებული გადასახადი მოგვივიდა, არც ერთ წელს და არც ერთ თვეს, რომ არ მოგვიხმარია, იმდენი გაზი გამოვიყენეთ თურმე.  რეალურად, ყოველთვიურად ერთი და იგივე რაოდენობის ბუნებრივ აირს მოვიხმართ. ეს პრობლემა არ გვაქვს მხოლოდ ჩვენ, ჩვენს გარშემო ბევრ ადამიანს შეექმნა ასეთი პრობლემა.  ზოგი მთელი დღე გასულია სახლიდან და მაინც გაზრდილი გადასახადი მიუვიდა. ალბათ, ცდილობენ ისარგებლონ იმით, რომ დღესასწაულები იყო და ამით შეფუთონ თავიანთი ქმედება, მაგრამ არ ვაპირებთ გავჩუმდეთ, რადგან დღესასწაულზე რა უნდა ვაკეთოთ იმდენი, 200 ლარის გაზი რომ დავწვათ?", -აცხადებენ მოქალაქეები.

მათი თქმით, უკვე დაუკავშირდნენ კომპანიას, საიდანაც მათ უთხრეს, რომ მექანიკური შეცდომა გამორიცხულია, აბონენტებს რეალურად აქვთ გამოყენებული დაფიქსირებული ოდენობის გაზი და მოუწევთ გადაიხადონ დავალიანება.

მოქალაქეები არ გამორიცხავენ, კომპანიის ამგვარი დამოკიდებულების გამო სასამართლოს მიმართონ. იქამდე კი აცხადებენ, რომ დავალიანებას, რომელიც უსაფუძვლოდ დაეწერეთ, არ გადაიხდიან. 

"ნიუპრესი" კომპანიას "სოკარ გაზი" დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, აბონენტებმა, რომელთაც მსგავსი შენიშვნები აქვთ, უნდა მიმართოთ ლომოურის ქუჩის 2 ნომერში მდებარე "სოკარ ჯორჯია გაზის" ოფისს, დაწერონ განცხადება და ამის შემდეგ კომპანია ყველა განცხადებაზე მოახდენს რეაგირებას. მოხდება ადგილზე მისვლა და მრიცხველების და გაყვანილობის შემოწმება, ხომ არ არის რაიმე ტექნიკური პრობლემა, ან ხომ არ ხდება გაზის გაჟონვა. მათივე ინფორმაციით, დადგინდება, მოქალაქეებმა რეალურად მოიხმარეს თუ არა აღნიშნული ოდენობის ბუნებრივი აირი, თუ პრობლემა მრიცხველებს აქვს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა