|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ კორპუსს, სადაც ცენტრი განთავსდა, რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში კორპუსი სრულად გარემონტდა – მოეწყო საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეები, 456 მსმენელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, სარეპეტიციო დარბაზი, სველი წერტილები და გამოსაცვლელი ოთახები.
 
მრავალფუნქციური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სამეცნიერო და შემოქმედებითი ნამუშევრები წარმოადგინეს, რომლებიც საგამოფენო სივრცეში იყო განთავსებული.
ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებულ დარბაზში ჩატარდა უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლების ,,ადილასა“ და ,,კოლხას“ კონცერტი, რომელშიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების სპეციალობის (ყოფილი სამუსიკო კოლეჯი) სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
 მრავალფუნქციური ცენტრის გახსნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-წლის იუბილეს მიეძღვნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი