ქუთაისში ელექტრონული მმართველობის რეჟიმზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება
ქუთაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში აღმოჩენილი პრობლემების მართვა ელექტრონულად მოხდება. ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლები აღმოჩენილ პრობლემებს ელექტრონულად GOOGLE DRIVE–ის მეშვეობით შეაგროვებენ. ინიციატივაზე დღეს მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ ისაუბრა.
"ელექტრონულ წარმოებაზე გადავდივართ, რაც პრობლემების მოგვარებას გაგვიმარტივებს და დროში შეამცირებს. იქნება ეს ხის გადაბელვა, გზის გაზიანება, ჭის თავის მოპარვა თუ სხვა პრობლემა, ამის შესახებ ელექტრონულად გვეცნობება, მოხდება ოპერატიულად ზრუნვა. აქვე შესაძლებლობა გვექნება გავამარტივოთ მუშაობა, რაც სატელეფონო საუბრის შემდეგ გვარდებოდა და დროში ჭიანურდებოდა, ელექტრონულად გაკონტროლდება",–განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.
მისივე განცხადებით, მუშაობისათვის კომპიუტერები და ფოტოაპარატები უკვე არის, "ჯერ არ ვგეგმავთ ტექნიკის შეძენას, შესაძლოა, მომავალში პლანშეტები, საჭიროებისამებრ, დავამატოთ"-აღნიშნა მან.
ელექტრონული მმართველობის რეჟიმზე გადასვლა შეაფასა ქალაქის მერმა: "ეს არის შიდა დოკუმენტბრუნვა, რომელშიც ყველა სამსახური იქნება ჩართული. აღნიშნული სერვისის საშუალებით მოხდება პრობლემების მართვა. ყველა პრობლემაზე გვექნება წვდომა, გავიგებთ, რამდენად ოპერატიულად მუშაობენ სამსახურები, ასევე რატომ ვერ მოგვარდა ესა თუ ის პრობლემა. აღნიშნული სერვისი თვითმმართველობებში ეტაპობრივად ინერგება", –განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















