ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოეწყობა
ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა. ქალაქის მერიამ უკვე გამოავლინა გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან სტოუნი", რომელიც დახურული სანიაღვრე ქსელისა და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად 1 მლ 485 ათას ლარს დახარჯავს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ელექტრონული ტენდერი NAT180017028 ტენდერი 1 მლ 583 ათას ლარზე იყო გაცხადებული. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ფირმა, ბათუმში რეგისტრირებულმა კომპანიამ მიიღო და გამარჯვებულიც ის გახდა, თუმცა ჯერჯერობით ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. სამუშაოები სატენდერო პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში დაიწყება და 3 თვე გასტანს.
მერიის ინფორმაციით, 3 თვის განმავლობაში კომპანია კაპიტალურად მოაწყობს აღნიშნულ ქუჩაზე დახურულ ღვარსადენს, რომელიც ამ დრომდე მწყობრიდანაა გამოსული და მოსახლეობას დატბორვის საფრთხის წინაშე აყენებს, ტროტუარები კი 6 სმ-იანი დეკორატიული ფილებით მოეწყობა.
შეგახსენებთ, ასათიანის ქუჩის სამუშაოები 2015 წელს წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით დაიწყო. სამუშაოების მწარმოებელი თურქული კომპანია SMK არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო მრავალჯერ გახდა კრიტიკის ობიექტი. კომპანია სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად წვიმიან ამინდებს ასახელებდა.
რაც შეეხება სანიაღვრე სისტემის მოწყობას, ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" მიერ ჩატარებული სამუშაოებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. წინასწარი ინფორმაციით, "სპეციალურმა სერვისებმა", რომელმაც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. პროექტის მიმდინარეობის დროს კი ა(ა)იპ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ფინანსურ დოკუმენტებსაც არ აფორმებდა. საკითხთან დაკავშირებით ძიება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა შედეგები ცნობილი ჯერ არ გამხდარა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















