ქუთაისში საერთაშორისო დონის აუზის პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე SPA190000864 წინადადებების მიღება ისე დასრულდა, რომ ინტერესი არც ერთ კომპანიას გამოუხატავს.
პროექტირების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 491 000 ლარს შეადგენს. დოკუმენტის თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას საცურაო კომპლექსის დეტალური პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის მომსახურება ევალება.
ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი უნდა იყოს. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები.
აუზის მშენებლობა ქუთაისში აბაშიძის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ იგეგმება. სავარაუდოდ, აუზის პროექტირებაზე ტენდერი განმეორებით გამოცხადდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















