„ქუთაისში ცხოველთა ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით ხდება“
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისის ააიპ „სპეციალურ სერვისებს“ ცხოველების არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.
ფედერაციის თავმჯდომარის, თემურ ლაჭყეპიანის განცხადებით, ცხოველთა თავშესაფარში ცხოველებს ოპერაცია არაცივილური მეთოდებით უტარდება. თავშესაფარში არ აქვთ შესაბამისი მედიკამენტები.
„ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, არის კარგი და შესაბამისი პირობებია ცხოველთა მოსავლელად, მაგრამ პრობლემებია ცხოველთა სტერილიზაციისა და ევთანაზიის პროცესში. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ ააიპს არ შეუძენია ევთანაზიისათვის საჭირო მედიკამენტები და ოპერაცია ხდება კანონდარღვევით. ასევე ვკითხულობთ, რომ იგეგმება ცხოველთა დაახლოებით 80%-ის ევთანაზია. მათ არ აქვთ საშუალებები, რომელიც ჰუმანური ევთანაზიისთვის არის საჭირო“,-განაცხადა თემურ ლაჭყეპიანმა.
მისი თქმით, ააიპის ადმინისტრაციამ შეიძინა 20 კგ მაგნიუმის სულფატი, ე.წ. ინგლისური მარილი, რომელივ ევთანაზიის ჩასატარებლად ერთ-ერთი პრეპარატია, მაგრამ 20 კგ არის ძალიან დიდი რაოდენობის და ჩნდება ეჭვი, რომ იგეგმება ცხოველთა მასობრივი ევთანაზია.
ფედერაციის წევრების განცხადებით, თავშეფასარში არ არიან კვალიფიციური ვეტექიმები. ლაჭყეპიანის თქმით, მათთვის მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაში მედიკამენტების სახელწოდებები შეცდომით წერია, რაც მიუთითებს, რომ არ იციან მედიკამენტების დასახელება და შესაბამისად მათი გამოყენება.
ცხოველთა უფლებების დამცველი მირანდა ჩოგოვაძე ააიპს მონიტორინგის ხელშეშლაში ადანაშაულებს, მისი განცხდებით, მათ არ აძლევათ შესაძლებლობა სისტემატიურად განახორციელონ მონიტორინგი.
„ჩვენ ვიცით, რა პრობლემებია ქალაქში და რა პრობლმების წინაშე არიან ძაღლები. ამიტომ მოვითხოვთ შევიდეთ თავშესაფარში სისტემატიურად და გავეცნოთ მდგომარეობას, რის შესაძლებლობასაც არ გვაძლევს ადმინისტრაცია. ჩვენ ვართ ოფიციალური ორგანიზაცია და გვაქვს ამის უფლება. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ძაღლების მოვლა-პატრონობა დარღვევით ხდება“,-განაცხდა მირანდა ჩოგოვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი 18 მარტს გაიხსნა. თავშესაფრის მოსაწყობად გამოიყო 200 000 ლარი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















