რაგბის ჩემპიონატისთვის ქუთაისში მოედნის მშენებლობა, შესაძლოა, ვერ მოესწროს
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ რაგბის მოედნის მშენებლობა მაისში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს მიერ გამოცხადებულია ტენდერი და სამუშაოები გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ რაგბის მოედნის მშენებლობა ჩემპიონატისთვის მოესწრება, თუმცა სამინისტრომ სათადარიგოდ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები საფეხბურთო კლუბებთან, რომლებიც ჩემპიონატის მსვლელობისას სტადიონებს რაგბისტებს დაუთმობენ.
"ტენდერი გამოცხადებულია და ველოდებით შედეგებს. წესით მოესწრება მშენებლობა, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ვადებში ვერ ჩავეტიეთ, ჩვენ გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება და სავარჯიშოდ ფეხბურთის სტადიონებს გამოვიყენებთ"-განაცხადა სოფო ჩაკვეტაძემ.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სარაგბო და საფეხბურთო მოედნები სლოვაკურ კომპანიას უნდა აეშენებინა. თუმცა სამინისტრომ სლოვაკურ კომპანია Autokomodex Trnava spol.sro-თან 2016 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა.
ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მიმწოდებელი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების 3 პუნქტის დარღვევა გახდა.
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიას დაეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა.
თუმცა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება ხელს არ შეუშლის ზაფხულში საქართველოში გასამართ საერთაშორისო ტურნირებს.
ახალგაზრდული მსოფლიო თასი რაგბიში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ფეხბურთში კი საქართველო 2-15 ივლისს უმასპინძლებს.
ჩემპიონატის ქუთაისში რაგბის ისტორიის ამსახველი წიგნი გამოიცემა, ასევე მზადა სარაგბო ბაზა, რომელშიც რაგბის აკადემია მოეწყობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















