ქუთაისში სასტუმრო "ჰუალინგი" გაიხსნა
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში სამვარსკვლავიანი სასტუმრო "ჰუალინგი" გაიხსნა. სასტუმრომ ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო, თუმცა სატესტო რეჟიმში ერთი წელი უმუშავა, ამჯერად კი განახლებული სერვისებით დაიწყო ფუნქციონირება.
სასტუმროს გახსნას დღეს ქალაქის მერი, იმერეთის გუბერნატორი და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
შოთა მურღულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში აზიური ქვეყნებიდან მოხდება ტურისტების შემოსვლა.
"მისასალმებელი ფაქტია, რომ სასტუმრო გაიხსნა განახლებული სერვისებით. ეს მიანიშნებს იმას, რომ ქალაქში ტურისტების ვიზიტი იზრდება. ამასთან, რამდენიმე სასტუმრო უკვე გაიხსნა და რამდენიმე მალე გაიხსნება. ეს უკავშირდება რეისებს, რომლებიც სრულება ქუთაისის აეროპორტიდან. სასტუმროს კონცეფციაა - "რამდენიმე დღე ქუთაისში", რის ფარგლებშიც ქუთაისში აზიელი ტურისტების მოზიდვა მოხდება", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ სასტუმროს ინვენტარით აღჭურვაში ადგილობრივი წარმოების ავეჯზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ავეჯის დიდი წილი ქუთაისშია დამზადებული.
სასტუმრო 40 ნომრიანია, ნომრები სხვადასხვა ტიპის არის, რაც შესაძლებლობას იძლევა სასტუმრომ სრული დატვირთვით მიიღოს რამდენიმე ორგანიზაცია და ტურისტული კომპანია, ასევე გააჩნია დიდი ეზო, ღიაა ბარი და ტერასა. ფუნქციონირებს ტურისტული სააგენტო და ჩინური ენის შემსწავლელი კურსები.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს, საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი 12 კილომეტრს, ქალაქის ცენტრამდე კი – 5 კილომეტრს შეადგენს.
სასტუმროში 22 ადგილობრივია დასაქმებული.
შეგახსენებთ, „ჰუალინგ ჯგუფი" ქუთაისში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ფლობს, რომელიც 36 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, სადაც სპეციალური საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















