ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 13 487 000 ლარი დაიხარჯა
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, წელს უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი განხორციელდა და იმ ქუჩების ათვისებაც ხდება, რომელთა რეაბილიტაციაც წლების განმავლობაში არ მომხდარა. მიმდინარე წელს მოწესრიგდა თამარ მეფის ქუჩა სრულად, დასასრულს უახლოვდება გელათის ქუჩის რეაბილიტაცია და მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 7 მილიონის ფარგლებში უკვე დაიწყო სამუშაოები ნიკეას ქუჩაზე, რომელიც შესაძლოა, ქალაქის შემოსასვლელი ქუჩა გახდეს.
„წელს 47 გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადდა ტენდერი. ნაწილზე დასრულდა, ნაწილზე კი მიმდინარეობს სამუშაოები. ეკონომიების ხარჯზე იმ ქუჩებზეც შევედით, რომელთაც წლები კი არა, საუკუნეები არ ჩატარებიათ რეაბილიტაცია. აშენდა ორი ბაღი, სამის მიშენება მოხდა, მოწესრიგდა ფასადები და შიდა გზები, გაკეთდა უსაფრთხოების კუნძულები. კი, იყო ხარვეზები რამდენიმე ქუჩაზე, მაგრამ ჩვენ თავზე ვადექით მუშებს, რომ თავიდან აგვერიდებინა პრობლემები, მაგრამ იდეალური სიზუსტით ვერ კეთდება ხოლმე, პროექტიც ვერ იქნება იდეალური, მაგრამ თუ ვხედავთ, რომ პრობლემაა შემსრულებელებს ვასრულებინებთ სამუშაოებს. იგივე შპს „გზას“, რომელმაც ყაზბეგის ქუჩაზე შეასრულა სამუშოები და ვადაგადაცილების გამო დღიურად 650 ლარს იხდიდა ჯარიმის სახით. რაც შეეხება ეკონომიებს, ეს არ ხდება რაიმეს დაკლების ხარჯზე, სამუშაობის შესრულებისას ირკვევა, რომ ზოგიერთი ქუჩა რაღაც სამუშაოებს არ საჭიროებს, ჩვენ ზუსტად ვახდენთ შესრულებულის აღრიცხვას და იმ სამუშაოს გამო, რომელიც არ განხორციელებულა ვაკლებთ კომპანიას თანხას, მსგავსი ეკონომიით მცირე ქუჩების რეაბილიტაციას ვახდეთ. იყო პრობლემები შესრულების მხრივ, მაგრამ ეს წყლის გამო ხდებოდა, „კობრა“ აგვიანებდა სამუშაოებს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. ასე, რომ ინფრასტრუქტურული პრექტების შესრულების მხრივ პრობლემა არ არის და ვისაც დანახვა უნდა ხედავს ამას“, –განაცხადა ბასილაძემ.
ბასილაძის განცხადებით, 15 მილიონიდან ჯამში პროექტებზე 13 487 000 ლარის ათვისება მოხდება. დარჩენილი თანხა რეგიონული განვითარების სამინისტრომ უკან წაიღო. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იმედოვნებს, რომ მომავალი წლისათვის მერია გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებს. ქალაქმა რეგიონული განვითარების სამინისტროს კი 2016 წლისთვის 22 მილიონიანი პროექტები წარუდგინა, რაშიც სხვადასხვა პროექტები, მათ შორის საბინაო და აუზის რეკონსტრუქცია შედის, ასევე გზების მოსაწესრიგებლად დამატებით 6 მილიონიანი გეგმა წარადგინეს.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს, გაირკვა, რომ რეგიონების განვითარებისთვის 280 მილიონი ლარია განსაზღვრული. აქედან რა თანხა ერგება ქუთაისს ინფრასტრუტურის მოსაწესრიგებლად, წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















