ქუთაისში იუბილარი მსახიობები დააჯილდოეს
თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში თეატრის მოღვაწეთა კავშირში მიღება გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც მხარისა და ქალაქის პირველი პირები ესწრებოდნენ, ქუთაისის თეატრის მოღვაწეებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ თეატრის საერთაშორისო დღის დაარსების ისტორია გაიხსენა, მან იმერეთის თეატრალურ ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება - „ჩვენს პატარა რეგიონში 150 და 120 წლის თეატრები გვაქვს, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია, რომ კიდევ და კიდევ განვითარდეთ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
ქალქაქის მერის განცხადებით კი, ქუთაისის თეატრალური ცხოვრების მასზე უფრო დიდ ქალაქებსაც კი შეშურდებათ. „მიუხედავად რთული პირობებისა, ბევრი არ არის ჩვენნაირი ქალაქი, სადაც ამდენი თეატრი იყოს. წარმატებულია ყველა თეატრი, რომელიც ქუთაისში მოღვაწეობს და ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ“, -განაცხადა ქალაქის მერმა. მისი თქმით, თვეში 30-დან 20 დღეს სპექტაკლით იმართება და ვისაც თეატრში წასვლა უნდა, ქუთაისში ამისათვის არჩევანი ნამდვილად არსებობს.
დღეს თეატრის მოღვაწეთა კავშირში 12 იუბილარ დამსახურებულ მსახიობს საპატიო დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცა. იუბილე განსაკუთრებულად მიულოცეს დამსახურებულ მსახიობებს, ვაჟა ოყრეშიძეს, ნუკრი ჟორჟოლიანს, ანა კოხრეიძეს, თენგიზ ჯავახაძეს, რამაზ კუბლაშვილს და სხვებს, სულ 12 მსახიობს.
ქალაქის კულტურის სამსახურის განმარტებით, საიუბილეო ღონისძიებებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან წლიურად 10 ათასი ლარის გამოიყოფა, საიდანაც ხდება მსგავსი ღონისძიებების დაფინანსება. იუბილარებმა ფულადი ჯილდო 400-დან 1000 ლარამდე მიიღეს.
შეხვედრას თეატრის მოღვაწეთა კავშირის ხელმძღვანელი ლევან როხვაძე უძღვებოდა.

ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















