|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში მოქმედი ბიბლიოთეკები გაუქმდა"

არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" ინფორმაციით, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებული ყველა საბიბლიოთეკო ფილიალი გაუქმდა. გაუქმებული ბიბლიოთეკების გასხვისებას კი ქუთაისის მერი გეგმავს. ორგანიზაციის წარმომადგენლის ზაალ ხონელიძის განცხადებით, 2014 წლის დადგენილებით, ყველა ბიბლიოთეკა გაუქმებულია, მერიაში კი ამტკიცებენ, რომ ბიბლიოთეკები 2007 წლის დადგენილების საფუძველზე გაუქმდა. ხონელიძის თქმით, მერია ცდილობს დანაშაული დაფაროს და წინა ხელისუფლებას გადააბრალოს.

ხონელიძის განცხადებას მერიაში დეზინფორმაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ არა თუ გაუქმდა ბიბლიოთეკები, არამედ ახალი ბიბლიოთეკების მშენებლობები იგეგმება.

"ქუთაისში კიდევ ერთხელ გავხდით აფსურდის თეატრის მომსწრე. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორი“, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პირმშოა, ქუთაისის მერიას ბრალს დებს ბიბლიოთეკების გაუქმებაში. თავად "მედიატორს" კი ქუთაისში № 1 ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი ზაალ ხონელიძე წარმოადგენს. ხონელიძე რამდენიმე თვის წინ ბაღის დირექტორობიდან კანონდარღვევის გამო გათავისუფლდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ახალი ხელისუფლების მმართველობის პირობებში არცერთი ბიბლიოთეკა არ გაუქმებულა. მეტიც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს ხანში იგეგმება ახალი ბიბლიოთეკის შექმნა. ამასთან განვმარტავთ, რომ 2007-2008 წლებში, მაშინ როდესაც ქვეყანას "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა, მოხდა ბიბლიოთეკის შენობების გადაცემა მერიის საკუთრებაში, დამატებითი და არა ძირითადი ქონების სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახადეს მომხდარიყო ბიბლიოთეკების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა. ყოველივე აქედან გამომდინარე,  ზაალ ხონელიძე სასაცილო მდგომარეობაში აყენებს თავისივე თანაგუნდელებს"–აცხადებენ მერიაში.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი