|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რთული არჩევნები გველოდება"-პოლიტიკური პარტიების წევრები საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ

ქუთაისში, "საიას" ფილიალში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას  საიას თავმჯდომარე  ანა ნაცლიშვილი და საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელი ირმა პავლიაშვილი დაესწრენ. შეხევდრაზე საარჩევნო  სამართლებრივი ნორმების დაცვაზე ისაუბრეს. პოლიტიკური პარტიების წევრებმა უკვე გამოვლენილ დარღვევებსა და მომავალში ადმინისტრაციული რესურსების შესაძლოა გამოყენებაზე ისაუბრეს. ოპოზიციურმა პარტიამ ყურადღება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გაამახვილა. როგორც საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი ნატო ქათამაძე აღნიშნავს ადმინისტრაციული რესურების გამოყენება მმართველი პარტიიდან აქტიურად მიმიდნარეობს.

„ადმინისტრაციულ რესურის გამოყენება მმართველი პარტიიდან ახლაც იგრძნობა და სასექტემბროდ გაძლიერდება, ასევე არის მეორე უკიდურესობა. ააიპები საჯარო სამსახურებად არ აღიქმება, აქ დასაქმებული   ადამიანების აქტივობები არ აღიქმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.  თუ  დავაკვირდებით იმ ზეწოლებს, შანტაჟსს, მოსყიდვას რომელსაც ეს სამსახურები ახორციელებენ კონკრეტული მისამართით  მივხვდებით, რომ  ძალიან რთული არჩევნები გველოდება წინ. ჩვენ ნამდვილად გვინდა  იყოს სამართლიანი გარემო, თუმცა წინაპირობები ისეთია რომ შორს ვიქნებით იდეალური არჩევნებისგან“,-განაცხადა ქათამაძემ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და დაშინების ფაქტზებთან დაკავშირებით პრეტენზია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გია უკლებამაც გამოთქვა.  უკლებას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობისგან მიმდინარეობს მასიური დაშინებები.

„მიმდინარეობს მასიური დაშინება „ქართული ოცნების“ მიერ,  ეს იქნება მერიის სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები,  თუ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში. მათ ეშინიათ გამოხატონ ღია მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობისადმი", იმიტომ რომ,  „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები მათ ემუქრებიან სამსახურიდან დათხოვნით. ამის შესახებ "საიას" მივაწოდეთ ინფორმაცია და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“,-აღნიშნა უკლებამ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლის გიორგი ჯინჭარაძის განმარტებით, აღნიშნული პრეტენზიები წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად სჭირდებათ ოპოზიციურ პარტიებს.

„ადგილი არ აქვს და არც ქონია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ეს მხოლოდ არის ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წევრთა ფანტაზია, რომლებსაც სჭირდებათ საარჩევნოდ ქულების დაწერა. ყველანაირი დარღვევა მიუღებელია და ამას კანონი კრძალავს.  არჩევნები იქნება დემოკრატიული“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჯინჭარაძემ. 

შეხვედრაზე საიას თავმჯდომარემ ყურადღება იმ პუნქტებზეც გაამახვილა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია წინასაარჩევნო მონიტორინგს აწარმოებს. ნაცვლიშვილის განცხადებით, ასოციაცია წინასაარჩევნოდ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ქმედებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების: პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს მუშაობასაც აკვირდება. 

,,ძალიან მნიშვნელოვნია თუ როგორ რეაგირებს აუდიტის სამსახური, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ქვეყანაში უნდა განვითარდეს პოლიტიკური კულტურა. ჩავატარებთ მონიტორინგს თუ როგორ განახორციელებს სასამართლო საარჩევნო სუბიექტების უფლებების დაცვას,"-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა