ქუთაისში სამარშრუტო ხაზებზე კონკურსმა, შესაძლოა, 2020 წლამდე გადაიწიოს
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივამ კიდევ ერთი წლით გადაიწია. ცვლილებებისათვის დაანონსებული ვადა 2019 წელი, რა დროსაც მოქმედი გადამზიდების უმეტესობას ხელშეკრულების მოქმედების ვადა უმთავრდება, 2020 წლით შეიცვალა.
2019 წლის ბოლოსთვის ხელშეკრულების ვადა მოქმედი გადამზიდების იმ ნაწილს უმთავდება, რომელსაც ორი წლის წინ კონკურსი არ გაუვლია. მერიის გადაწყვეტილებით, ვადა, შესაძლოა, 2020 წლის პირველ ნახევრამდე გაგრძელდეს. მიზეზად დანარჩენ სამარშრუტო ხაზებზე არსებულ ვადებს ასახელებენ. მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ირაკლი ცხვედიანის განმარტებით, რადგან 2016 წელს კონკურს გავლილ ტრანსპორტს ვადა 2020 წელს უსრულდება, მოხდება დროის გახანგრძლივება და ყველა ტრანსპორტი ერთდროულად გაივლის კონკურსს.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძველ და ახალგაცემულ დოკუმენტებს თითქმის ერთდროულად გადის ვადა. ეს არის ყველაზე კარგი დრო, თუ მუნიციპალიტეტი რაიმე ახალი სერვისის დანერგვას ცდილობს, განახორციელოს ამ დროს. ამიტომ, ჯერჯერობით, ვფიქრობთ, რომ ვიდრე ყველა ვადა არ მორჩება, გადავწიოთ დრო და შემდეგ ერთიანად ჩავატაროთ კონკური, თუ რაც იქნება. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ სერვისების გაუმჯობესებაზე და მას შემდეგ, რაც ყველა თანაბარ პირობებში იქნება, ვიმოქმედებთ კანონშესაბამისად და ეს, ალბათ, 2020 წლის პირველ ნახევარში მოხდება. შესაძლოა, გადმოვწიოთ და 2019 წლის ბოლოსაც მოხდეს, მაგრამ ეს უფრო ნაკლებ შესაძლებელია", - განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.
მისი თქმით, მერია რამდენიმე მოდელზე მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთ ვერსიად მუნიციპალური ტრანსპორტი განიხილება. თუმცა, როგორც ცხვედიანი განმარტავს, დეტალებზე საუბარი ადრეა. მან ასევე აღნიშნა, რომ გადამზიდების მიერ გრაფიკის დარღვევა ხდება, თუმცა ამას ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს.
"ვმუშაობთ რამდენიმე ვარიანტზე და რომელიც უფრო კომფორტული იქნება, იმას გავატარებთ. ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება, რადგან ადრეა ამაზე საუბარი. დარღვევა ყოველთვის ხდება, რთული სქემაა და შეუძლებელია საათივით იყოს აწყობილი, მაგრამ არსებობს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ახდენს შესაბამის რეაგირებას. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ეს თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა თვითმმართველობა გააკეთეს ყველაფერს კომფორტული გაადადგილებისთვის და როგორი იქნება ეს, გადაწყდება. ერთ მოდელად განიხილება მუნიციპალურიც, მაგრამ ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ", - განმარტა ირაკლი ცხვედიანმა.
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოწესრიგება გიორგი ჭიღვარიას ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი თქმით, ქალაქში ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდებოდა. ამ დროისთვის ტრანსპორტის უმეტესობა მოუწესრიგებელია, დაზიანებულია სავარძლები და არ ხდება სალონის პერიოდული დასუფთავება, ამასთან მთავარ პრობლემად გრაფიკის დარღვევა მიიჩნევა, მძღოლები მუშაობას თვითნებურად წყვეტენ.
ამ დროისთვის ქუთაისში მიკროავტობუსის 42 ხაზია და 160 სამარშუტო ტაქსი მუშაობს ყოველდღიურად, ასევე ავტობუსის 10 ხაზია, რომელზეც 69 ავტობუსი გადაადგილდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















