|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არაფორმალურ შეთანხმებას არ ვაწარმოებთ" -გიორგი ჭიღვარია "სახლი #1"-თან დაკავშირებით

ქუთაისში შპს „სახლი #1“ის უნებართვო სართულების დემონტაჟი ამ დრომდე არ მომხდარა. გასული წლის დასაწყისში დაანონსებული სამუშაოები ერთი წლის თავზე კვლავ განუხორციელებელია და გაურკვეველი ვადითაა გადაწეული. 

ორი ტერასული სართულის დასანგრევად მერიამ 70 000 ლარიანი ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებულმა ბოლოს სართულების მონგრევაზე უარი რთული სამუშაოების გამო განაცხადა. ჩაშლილი ტენდერის პარალელურად, მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ სამუშაოებისთვის ტენდერი იმდენჯერ გამოცხადდებოდა, ვიდრე უკანონო სართულები არ დაინგრეოდა. პრინციპული გადაწყვეტილება უშუალოდ მერს გიორგი ჭიღვარიას უკავშირდებოდა, რომელმაც მერობის პირველსავე ეტაპზე უკანონო მშენებლობას ბრძოლა გამოუცხადა. 

უნებართვო მშენებლობის გამო კომპანიასა და მერიას შორის სასამართლო დავა უნდა დაწყებულიყო. კომპანიის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო არ ჩანიშნულა და ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.  ამასთან, მისი თქმით, ამ ეტაპზე მხარეებს შორის არც შეთანხმება შემდგარა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში მერია ინფორმაციას ავრცელებდა და ირწმუნებოდა, რომ თვითმმართველობამ სასამართლო დავა ორივე ინსტანციაში მოიგო და კომპანიას სართულების  მონგრევა დაავალა, რასაც კომპანიაში არ ადასტურებენ. 

ამასთან, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიის წარმომადგენლებსა და მერს შორის არაფორმალურ გარემოში მოხდა შეთანხმება, რის გამოც მერია სართულების მონგრევას აღარ ითხოვს და ახალ პროექტს მხარს დაუჭერს.  გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ სართულების შენარჩუნებისთვის გარკვეული თანხაც გადაიხადა.

დავის არაფორმალურად მოგვარებას არ ადასტურებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მისი თქმით, კომპანიის ხელმღვანელობა აპირებს მერიას კორექტირებული პროექტი წარუდგინოს, თუმცა კითხვაზე, რატომ არ მოხდა პირველ ჯერზე შესული კორექტირების დამტკიცება და რა შეიცვალა, პასუხობს, რომ მაშინ მერიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გადააგზავანა.

"ვერ შედგა ტენდერები, მიმდინარეობს შესწავლა, რატომ მოხდა ეს. პარალელურად, როგორც გვაქვს ინფორმაცია, კომპანიის ხელმძღვანელობა აპირებს კორექტირების შემოტანას, მაგრამ დადასტურებულად ვერ ვიტყვით. ადრე რომ შემოიტანა კორექტირება, გადავაგზავნეთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში და იქედანაც მოვიდა იგივე პასუხი. არაფორმალური შეთანხმება რომ შემდგარიყო, პრობლემა მოგვარებული იქნებოდა, რეალურად პრობლემა მოუგვარებელია და ზოგადად, ჩვენ არაფორმალურ შეთანხმებებს არ ვაწარმოებთ", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ დავა სხვადასხვა მიმართულებით იყო.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა