|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისში ვაპირებ სტადიონების, სასტუმროების, ბარების აშენებას“

„ტორპედოს“  ყოფილმა პრეზიდენტმა,  ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ  "ინტერნეტკონფერენციის" ფარგლებში კითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო „ნიუპრესის“ ჟურნალისტის კითხვა, რომელიც  ქუთაისთან დაკავშირებით მის გეგმებს უკავშირდება.

„სხვა გეგმებიც მაქვს. ვაპირებ სტადიონების, სასტუმროების, ბარების აშენებას და ა.შ. მინდა, ქუთაისში კარგი ბაზა, სასტუმრო იყოს, რომ უცხოური კლუბები შეკრებებზე აქ ჩამოვიდნენ და არა ჩვენ ვიმგზავროთ სადმე“ -აღნიშნა ჩაჩავამ პასუხად.

აქვე გთავაზობთ "ინტერნეტკონფერენციის" დროს დასმულ კითხვებსა და პასუხებს, რომლებიც ქუთაისის „ტოპრედოს“ და მის მომავალს ეხება. შეგახსენებთ, რომ გუნდის შეძენის ერთადერთ მსურველად ამ ეტაპზე,  ჩაჩავა მოიაზრება.

 

- გაქვთ თუ არა სტრატეგია "ტორპედოს" ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად 2020 წლამდე? და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე იქნებით ორიენტირებულები თუ გამოცდილ მოთამაშეებს მოიწვევთ?
- გვაქვს და ჩემპიონატში მუდმივად საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ. ძალიან კარგი აკადემიის დაფუძნებას ვაპირებთ და წლების შემდეგ უკვე ამ აკადემიის ფეხბურთელებით დავკომპლექტდებით, მათ დავეყრდნობით, მანამდე კი აქცენტი გამოცდილ ქართველ ფეხბურთელებზე გაკეთდება. აუცილებლად გვეყოლებიან ლეგიონერებიც.

-გამარჯობა, ბატონო ზაალ. თქვენს მიზნებში რამდენად შედის კლუბის გრძელვადიანი, სტაბილური პატრონობა და რამდენად გააზრებული გაქვთ ქართული საფეხბურთო გარემოს ავკარგიანობა, რადგან თქვენც არ იქცეთ "ახალ კოკაიად" და, შესაბამისად, "ტორპედომ" არ გაიზიაროს "ზესტაფონის" ბედი ქართულ ფეხბურთში?
- მერწმუნეთ, არ ვარ ის, ვისაც გუნდის შუა გზაში მიტოვება შეუძლია. ვიბრძოლებ მანამ, სანამ "ტორპედოს" ჩემპიონთა ლიგაზე არ ვნახავ!

-ეს ერთგვარ "საგად" იქცა, ბევრი ჭორ-მართალით, ბევრი წინაღობით, თუმცა მაინც არ ეგუებით, რაც მისასალმებელია. გასაგებია, რომ "ტორპედო" გიყვართ... და მაინც, თქვენი სიტყვებით, რას ნიშნავს ზაალ ჩაჩავასთვის "ტორპედო"?
- "ტორპედო" ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს მარტო ჩემი არა, ყველა ქუთაისელის კლუბია და მინდა, მე და ეს ხალხი "ტორპედოს" წარმატებისთვის ერთმანეთის გვერდიგვერდ დავდგეთ.

- როგორ ფიქრობთ, გარდა ფეხბურთის სიყვარულისა, რითი შეიძლება დააინტერესო ბიზნესი, რომ ფული ჩადოს საქართველოს ჩემპიონატში? არსებობს ბევრი აზიელი თუ აფრიკელი მილიონერი, ან თუნდაც მილიარდერი, რომელთაც უყვართ ფეხბურთი, შესაძლებელია თუ არა მათი მოზიდვა?
- ფეხბურთის სიყვარული მთავარია. ჩვენ "ტორპედოში" ჯერ არავინ მოგვყავს და არც არავის ვპატიჟებთ, მაგრამ თუ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც "ტორპედოში" ძალიან დიდ ინვესტიციას ჩადებს, სიამოვნებით. ოღონდ ხაზს ვუსვამ, ძალიან დიდ ინვესტიციას.


ისე კი, ინვესტიციების განხორციელებას ჩვენც ვაპირებთ და გვგონია, ჩვენითაც კარგად ვუპატრონებთ კლუბს.

-ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის "დილა", შესაძლოა, უეფამ 3 წლის ვადით თავის ტურნირებზე არ დაუშვას, მიზეზი კი გორის საფეხბურთო კლუბის სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადასვლა და სხვა იურიდიულ პირად დარეგისტრირებაა. ხომ არ ემუქრება "ტორპედოს" იგივე და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ იგივე პრობლემა თქვენს გუნდსაც არ გაუჩნდეს?
- ეგ გამორიცხულია. კლუბს ჩვეულებრივ შევისყიდი.

ბატონო ზაალ, მოგეხსენებათ ქუთაისის "ტორპედოს" მწარე გამოცდილება აქვს მფლობელებთან ურთიერთობის. "ვისოლი" რამდენიმე წელი პატრონობდა "ტორპედოს", მაგრამ გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილონი იყვნენ არასასურველი შედეგების გამო. რა გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ ახალი მფლობელი გუნდს წარმატებას მოუტანს?
- მოდით, ფაქტებით ვისაუბროთ: აგერ, ჩემმა შეკრულმა გუნდმა საქართველოს თასი მოიგო და ევროტურნირებზე გავიდა. გვერდში მიდგანან ფანებიც, რომლებთან ურთიერთობა პირველ რიგში დავალაგე. მათ ძალიან უყვართ "ტორპედო" და მის წარმატებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამიტომ მათი გვერდში დაყენება აუცილებელი იყო.

- ბატონო ზაალ, თქვენ ბოლო ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ კლუბის ბიუჯეტი 5 მილიონი იქნება. გასაგებია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კლუბს იდეალურ შემთხვევაში შეუძლია საბაზისო, სპონსორების სტიმულირების, საპრემიო და საპრიზო თანხებით 2-დან 2,5 მილიონამდე მიიღოს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან. თქვენ ამბობთ, რომ მილიონს დახარჯავთ. საიდან აპირებთ დანარჩენი თანხების მოძიებას და გყავთ თუ არა შეგულებული სხვა სპონსორები?
- კი, სპონსორები ბევრი გვყავს. ჩემი მეგობრები მზად არიან, "ტორპედოში" სოლიდური თანხა ჩადონ.


ის ერთი მილიონი ლარი, რომელიც ვახსენე, ვალდებულებად მაქვს, მაგრამ იმის ზემოთ ჩემი კეთილი ნებით კიდევ დავხარჯავ.

ჩაჩავამ გამარჯვებული კითხვის ავტორის გამოავლინა და მას ‘ტორპედოს“ მაისური გადასცა.

- როგორ ფიქრობთ, ახლო მომავალში შესაძლებელია "ტორპედომ" იმ დონეს მიაღწიოს, რომ "დატაოტებულ" გისოსზე გადაპარვა დაგვჭირდეს? (როგორც ბავშვობაში)
- სანამ კლუბს არ შევისყიდი, ვერაფერს დაგპირდებით. გპირდებით, როგორც კი ვიყიდი კლუბს, ეს მალე მოხდება.

"ინტერნეტკონფერენციას" ორგანიზება sportall.ge-მ გაუწია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.73%
გაუარესდა - 46.94%
არ შეცვლილა - 16.33%
სულ - 49 ხმა