"რა დარჩა ქუთაისს მურღულიას მმართველობისგან?"- ყოფილი მერის გააქტიურებას გია გოქაძე ეხმიანება
ქუთაისის ყოფილი მერის შოთა მურღულიას ქუთაისში გამოჩენასა და წინასაარჩევნო პერიოდში მის გააქტიურებას არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე გია გოქაძე ეხმიანება.
გოქაძე ქალაქის ყოფილი მერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ მას დიდაქტიკისა და სხვისთვის ჭკუის სწავლების უფლება არ დაუმსახურებია.
"მეორე ტურის წინ ოცნებამ ძველი გვარდია აამუშავა და ქუთაისში ოდნავ გადავიწყებულმა ჭირმაც შეგვახსენა თავი. შოთა მურღულიას მოუწადინებია ყოფილი თანაგუნდელებისთვის ერთგულების მტკიცება და შტაბი გაუხსნია ზურაბიშილის მხარდასაჭერად. რა დარჩა ქუთაისს მურღულიას მმართველობისგან?
*გადათხრილი ქალაქი და გაუბედურებული ინფრასტრუქტურა.
*წყალმომარაგების ჩავარდნილი პროექტი.
*გაზრდილი ბიუროკრატია.
*დაწყებული და დაუსრულებელი სამუშაოები.
*თამარ მეფის რეაბილიტირებული ქუჩა, რომელიც წვიმაში ვერც წყალს ატარებს და გზის საფარიც უკვე დაზიანებულია.
*გელათის, ყაზბეგის, სოლომონ პირველის ქუჩებზე უხარისხოდ დაგებული ქვაფენილი.
*კაფე-ბარ-ბოსელი "არგო", რომელიც თავგასული ბიუროკრატების უტიფრობის კაშკაშა მაგალითია.
*რეაბილიტირებული რუსთაველის ხიდი, რომელზეც ახლიდან ცხადდება ტენდერი...
დარჩა გაპარტახებული, დაცლის პირას მყოფი ეკონომიკურად დეპრესიული ქალაქი და კითხვები, რომლებიც დარჩენილ მოსახლეობას აქვს.
მხოლოდ ასათიანის ქუჩის ეპიზოდი იქნებოდა საკმარისი მურღულიას ადგილზე სინდისიანი კაცისთვის, რომ საჯარო აქტივოებებს მორიდებოდა. რა პასუხი აქვს მხოლოდ სანიაღვრე სისტემის მოწყობაში გადახდილ 315 000 ლარზე, რომელიც ჰაერშია გაბნეული, რა პასუხი აქვს იმაზე, რომ წლების მანძილზე ამ ქუჩაზე გადააადგილება საფრთხის შემცველია და იმაზე, რომ მილიონ ნახევარი დამატებით გვიჯდება ოდესღაც დაწყებული ქუჩის ახლიდან გაკეთება?! რა პასუხები აქვს იმ საქმებში არსებულ კითხვებზე, რაც პროკურატურას მტვერიან თაროებზე აქვს შემოდებული?! არის კი ლოგიკა ზურაბიშილის სასარგებლოდ მის გააქტიურებაში? არის, რამდენადაც ქალბატონი ზურაბიშვილის მიდგომებსა და პოზიციებს რუსეთის მიმართ ყოველთვის იზიარებდა მურღულია. სწორედ მის დროს მოხდა მაღალჩინოსნების ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში ე.წ. ტურისტული ურთიერთობების აღსადგენად, სწორედ მურღულიას ადმინისტრაციის ჩართულობით მოეწყო ქართულ-რუსული კინოფესტივალი, ჩვენს მცდელობას, რომ ვასილ კიკვიძის ძეგლი საბოლოოდ გაგვექრო ქუთაისის რეაობიდან, სწორედ მურღულია ეწინაღმდეგებოდა ათასი გაუგებარი მიზეზით.
ეს კაცი თავს დიდაქტიკის და სხვისთვის ჭკუის სწავლების უფლებას აძლევს იმ ქალაქში, სადაც ყველა დროის ყველაზე ცუდი მერობა მოახერხა და საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მოსახსნელად მუხლჩაუხრელად მოქმედებდა"- აცხადებს გია გოქაძე.
შეგახსენებთ, ქუთაისში ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა უბანში ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო ოფისები "არა მიშას" გაიხსნა. ერთ-ერთ ოფისს თანამოაზრეებთან ერთად ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია ხელმძღვანელობს. ე.წ. სამოქალაქო მოძრაობის მიზანი არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებაა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















