|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ შსს განმარტებას აკეთებს

ქუთაისში, მღვდლის ფორმაში ჩაცმული პირის მიერ  ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. მოქალაქე სოციალურ ქსელში ბავშვის დედის მონათხრობზე დაყრდნობით წერდა და საზოგადოებას სიფრთხილისაკენ მოუწოდებდა.

„ქალაქში, თუ არ ვცდები, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, დედას რამდენიმე წუთით შვილი თვალთახედვიდან მიემალა.....დაიწყეს პატარას ძებნა, ხალხი შეშფოთდა...უეცრად დაინახეს, 3 წლის ბიჭუნასთვის მღვდლის სამოსში ჩაცმულ(თუ გადაცმულ) ახალგაზრდა კაცს ჩაევლო ხელი და სადღაც მიარბენინებდა....როგორც კი მიხვდა, რომ შენიშნეს, ბავშვი მიატოვა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა“-აცხადებდა ნინო ძოწენიძე.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, დიდი გამოხმაურება მოყვა. თემის გადასამოწმებლად ვეცადეთ ბავშვის მშობლებს დავკავშირებოდით. ახლობლების განცხადებით, მშობლები ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ, რადგან თვლიან, რომ ამით შესაძლოა საფრთხე შეექმნათ.

„შემთხვევა, ოთხი დღის წინ სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლში" მოხდა. მღვდლის ანაფორა ეცვა და თავსაბურავი ეკეთაო. თითქოს უნდოდა უცხოელის იმიჯი ქონოდა, მაგრამ დედა რომ გაკიდებია, აურზაურში ჩამოვარდნია თავსაბურავი და ქართული გარეგნობის ყოფილა. დედამ მიმართა საპატრულო პოლიციას და დაიწყო შესწავლა. აღარ საუბრობენ დამატებით დეტალებზე, რადგან ეშინიათ. საქმეს ქუთაისის პოლიციის #1 განყოფილება იძიებს. ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, გამოძიება რაღაც კვალზეც არის გასული“, -აცხადებს ოჯახის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ,  რაც დედამ პოლიცია გამოიძახა,  ადგილზე მისივე თანდასწრებით მოხდა ვიდეო კამერების ჩანაწერების შესწავლა, თუმცა ჩანაწერებში მღვდლის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი საერთოდ  არ ჩანს და მხოლოდ მოხუცი ქალია დაფიქსირებული, რომელიც სავაჭრო ცენტრში გადაადგილდება. ბავშვის დედამ დაზუსტებით ვერ ამოიცნო იყო თუ არა მის მიერ აღწერილი პირი და ეს მოხუცი ქალი ერთი და იგივე პიროვნება. მან ეჭვიც გამოთქვა, რომ, შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგო.

"ქუთაისის პოლიციამ, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გადაამოწმა ინფორმაცია, თითქოს შავებში ჩაცმული მამაკაცი სავაჭრო ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვს იტაცებდა. შესაბამისი ღონისძიების შედეგად, არ დადასტურდა შეტყობინებაში არსებული ინფორმაცია. აღნიშნულის შესახებ ეცნობა შეტყობინების ინიციატორ ქალბატონს, რომელმაც პოლიციაში განაცხადა ბავშვის მოტაცების შესახებ. გარდა ამ შეტყობინებისა, პოლიციაში იმერეთში ბავშვების გატაცების მცდელობის ან ადევნების არც ერთი შეტყობინება არ შესულა"-აცხადებენ შსს-ში.

მათივე თქმით, კარგი იქნება, თუ სიცრუის ტირაჟირება არ მოხდება და ასევე განმარტავენ, რომ სამართალდაცავი უწყებები მაქსიმალურად აქტიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ მოქალაქეებს რაიმე საფრთხე არ შეექმნათ. 

მღვდლის ფორმაში ჩაცმული მოქალაქეების მიერ ბავშვების გატაცების მცდელობის შესახებ ორი წლის წინაც აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა  შინაგან საქმეთა სამინისტროში მსგავსი შეტყობინება არ შესულა.

 

რატომ აფრთხილებენ მშობლებს ქუთაისის სკოლებში?

                                                                    

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა