„რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, პრობლემით რომ დაინტერესდნენ?!“ [VIDEO]
ქუთაისში სასტუმრო “თბილისის“ შენობასთან, პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ შეხვედრა გამართა. მისი თქმით, სასტუმრო „თბილისის“ შენობა ამორტიზირებულია და სამშენებლო მასალები ცვივა, რაც მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია. ის ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვნით მიმართავს, მოახდინონ დროული რეაგირება.
„21 აპრილს მერიაში წერილი გავაგზავნეთ, სადაც თხოვნით მივმართეთ, ყოფილი სასტუმრო "თბილისის" შენობიდან ცვივა სამშენებლო მასალები, რომელიც შენობაში მცხოვრები დევნილებისთვის საფრთხის შემცველია, თუმცა მერიიდან რეაგირება არ მომხდარა. რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს ამ ქალაქში, პრობლემებით რომ დაინტერესდნენ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდემდე უნდა ეშინოდეს მოქალაქეს, რომ გადაადგილების დროს თავში რამე არ დაეცეს. მერს რაიმე პასუხისმგებლობა არ უნდა გააჩნდეს? მოვუწოდებ შექმნან ჯგუფი, გამოიყენონ მუნიციპალიტეტი, რომლებსაც მხოლოდ არჩევნების დროს იყენებენ და მეტი ფუნქცია არ აქვთ, შეისწავლონ ქალაქში არსებული პრობლემა და დროული რეაგირება მოახდინონ“,-განაცხადა გოგი წულაიამ.
„ვთხოვთ ყველა სტრუქტურას დაგვეხმარონ, რომ დროულად გავიდეთ ამ შენობიდან, სადმე სადაც სიცოცხლისთვის საშიში ზონა არ იქნება. შეუძლიათ მოვიდნენ და შეამოწმონ, შენობა ამორტიზირებულია და სამშენებლო მასალები ცვივა, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავთ დროულად მოახდინონ რეაგირება“, - განაცხადა შენობაში მცხოვრებმა დევნილმა ნინო კვაშილავამ.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, შენობა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა მისი ფასადის კეთილმოწყობისათვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის. შესაბამისი პროექტის მომზადებისა და თანხების მოძიების შემდეგ მოხდება სამუშაოების განხორციელება.
სასტუმროში აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები ცხოვრობენ, მათი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება ეტაპობრივად, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად ხდება.
შეგახსენებთ, ქუთაისში მრავალსართულიანი ბინიდან სამშენებლო მასალის ცვენის შედეგად ბოლო წლებში 2 მცირეწლოვანი დაიღუპა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















