პარლამენტარები სახელფასო დანამატს ხელფასთან ერთად ყოველთვიურად იღებენ
საქართველოს პარლამენტში 155 დეპუტატია. მათგან ნაწილი მაჟორიტარული, ნაწილი კი პროპორციული სიით მოხვდა პარლამენტში. (რამდენიმე დეპუტატს მანდატი სხვადასხვა მიზეზთა გამო შეუჩერდა).
"ნიუპრესი" დაინტერესა, რა რაოდენობის სახელფასო სარგოსა და დანამატს იღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, გაიზარდა თუ არა მათი ანაზღაურება 2012 წლის შემდეგ და რა რაოდენობის პრემია გაიცა მიმდინარე წელს.
პარლამენტის კანცელარიიდან მოწოდებული ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ დეპუტატთა ხელფასი არ გაზრდილა, ასევე მათ არ მიუღიათ პრემია. რაც შეეხება სახელფასო დანამატს, დეპუტატები მას ხელფასთან ერთად ყოველთვიურად იღებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელფასი 2 000 ლარს შეადგენს, სახელფასო დანამატი კი 4 738, 75 ლარს. ჯამში, ნოემბრის თვეში, მსგავსად სხვა თვეებისა, უსუფაშვილმა 6 738,75 ლარი მიიღო.
2 000 ლარია სპიკერებისა და სხვა დეპუტატების ოფიციალური სახელფასო სარგო, რასაც ყოველთვიური დანამატი ემატება. დანამატის ყველაზე მცირე რაოდენობა 2 623, 75 ლარი შეადგენს.
ნოემბერში დეპუტატთა ხელფასზე ჯამში 296 380,95 ლარი გაიცა ხელფასის სახით, ამავე თვეში 459 395, 95 ლარის სახელფასო დანამატი გაიცა. დეპუტატების ხელფასი და სახელფასო დანამატები ბიუჯეტს ერთი თვის განმავლობაში 755 776, 9 ლარი დაუჯდა.
2015 წელს კი ხელფასებისა და დანამატების სახით ჯამში 12 396 378,7 ლარი გაიცა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















