|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ დატოვა ქუთაისის მერის პოსტი დიმიტრი კოპალიანმა?

რატომ დატოვა ქუთაისის მერის პოსტი დიმიტრი კოპალიანმა? -  ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე საუბრობს. მისი განცხადებით, დიმიტრი კოპალიანმა "პარტიოტთა ალიანსის" წარმომადგენელის, გოჩა თევდორაძისა და ქუთაისის თვითმმართველობაში მოკალათებული მისი ბიზნესპარტნიორების ზეწოლას ვერ გაუძლო და იძულებული გახდა  ქალაქის მერის პოსტი დაეტოვებინა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კოპალიანის მერობის დროს მიღებული გადაწყვეტილება - სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გაცემის საკითხი კვლავ განხილვის საგანი გახდა.

„დიმიტრი კოპალიანმა გადადგომის მიზეზად დაასახელა, რომ ის „ატკატებზე“ არ დაელაპარაკა დაინტერესებულ პირებს. სწორედ გოჩა თევდორაძე უყენებდა მას პირობებს.  30 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარის   თამაზ მარგველაშვილის ბრძანებით  # 98 - აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა სამი ოთარის მიმდებარედ ტერიტორია  ნანა გაგუას, რომელიც არის გოჩა თევდორაძის კარის მეზობელი. უკვე 2 სექტემბერს, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე ლომიძის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ამ საკითხთან დაკავშირებით. 9 ოქტომბერს ფუძნდება შპს „ანასტასია“, რომლის დამფუძნებელი არის ნიკა ლატარიას დედა დალი ლატარია- 60 % წილის მფლობელი, ხოლო 40 % წილის მფლობელია სწორედ ის ნანა გაგუა, რომელმაც განცხადებით მიმართა კოპალიანს. თუკი იქ აშენდებოდა  სასტუმრო, მას ქირად განესაზღვრებოდა წელიწადში 4 600 ლარი, რაც თვეში 383  ლარს შეადგენს. რაც მიზერული თანხაა", - აცხადებს ნატო ქათამაძე.

"ამ ქალაქში არაფერი იცვლება, ერთი "ბანდა" ჩაანაცვლა მეორემ", - აცხადებს  ნატო ქათამაძემ. მისი მტკიცებით,  წინა  ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს ახალი ხელისუფლება აგრძელებს:

 "მას შემდეგ რაც ამ ადგილზე არ გამოვიდა ეს მშენებლობა, შემოვიდნენ წინადადებით სანაცვლო ფართის სახით "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორია მიეღოთ, რაც გამოუვიდათ. მირზაანის უკან, პრესტიჟულ ადგილას, თანხა განისაზღვრა წლიური 6 600 ლარით, რაც თვეში 533 ლარი გამოდის. ამასთან ხელშეკრულებაში ჩაუდეს, რომ "ანასტასიამ" თანხის გადახდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. ეს არის ქალაქის დაცინვა.  როდესაც მე ეს საკითხი  დავსვი,  ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ მან გაასხვისა დედამისის წილი რუსეთში მოქმედ ბიზნესმენზე, რომელიც აღმოჩნდა გია შარაბიძის(გოჩა თევდორაძის მარჯვენა ხელის  შვილი) გოჩა შარაბიძე, რომელიც ნიკა ლატარიას კარის მეზობელია". 

ბრალდებებს უარყოფს ქალაქის თვითმმართველობა და მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია.

შეგახსენებთ, დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის მერის პოსტზე 2013 წლის  5 ივნისს დაამტკიცა საკრებულომ. კოპალიანმა თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით  საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით იმავე წლის 11 სექტემბერს მიმართა. მანამდე კი შვებულებაში იმყოფებოდა, რისი დასრულების შემდეგაც თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე