"საახალწლო განათებებიდან დაზოგილი თანხით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპია დაფინანსდა"
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის საახალწლო განათებისთვის 110 000 ლარიდან 30 ათასი ლარი დაიზოგა, რათა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ერთ-ერთ დღის ცენტრს, ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი დაფინანსებულიყო.
"ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ერთ ერთ დღის ცენტრს ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი დაუფინანსდება. დღის ცენტრი „ღია სახლი“ ამ პროგრამაში პირველად ერთვება. დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარია. ქალაქის საახალწლო განათებისთვის 110 000 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან მერიამ ახალი განათებების შეძენაზე უარი თქვა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა, აღნიშნული 30 ათასი ლარი დაზოგილიყო.
„აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დღის ცენტრისთვის ამ პროგრამაში ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მიხარია, რომ დანაზოგი თანხით ეს საქმე კეთდება“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობის შესაძენად მერიამ 109 873 ლარი გამოყო. თვითმმართველობამ საახალწლო დეკორაციების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა. 97 141 ლარის ფარგლებში გამოცხადებული NAT180016266 ელექტრონული ტენდერის თანახმად, საახალწლო დეკორაციებისთვის ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესყიდვის მიზნით შპს-სთან "დანდი" მერიამ 94 804 ლარის ხეკლშეკრულება გააფორმა.
NAT180016338 ელექტრონული ტენდერის მიხედვით, შპს მარტ სთილთან საახალწლო დეკორაციებისთვის ლითონის მაკომპლექტებელი ელემენტების შეძენის მიზნით 11 682 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა.
გარდა ამისა, ქუთაისის მერია საახალწლო ფოიერვერკებისათვის 16 408 ლარს გადაიხდის.
თუ რა ნაწილში მოხდა ეკონომიის გაწევა, ამის შესახებ მერიას ინფორმაცია არ დაუკონკრეტებია.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















