"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის მერია პასუხობს
საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს დასკვნის პასუხად ქუთაისის მერიაში განცხადება გაკეთდა.
"ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მამის სახელზე არსებული საცხოვრებელი სახლი სოფელ ჭრებალოში დეკლარაციაში მითითებულია კანონის მოთხოვნის შესაბამისად. დეკლარაციაში დაფიქსირებული საცხოვრებელი სახლი მიმაგრებულია მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოს.
რაც შეეხება შპს "ქუთაისის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში" 33,3%-იანი წილის მფლობელობას, აღნიშნულ უნივერსიტეტს ბოლო რამდენიმე წელია არანაირი აქტივი და ფულადი ბრუნვა არ გააჩნია.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის წილის მფლობელობას შპს ჯი.თი.ჯი გრუპ-ში აღნიშნულ შპს-ს ასევე რამდენიმე წელია არანაირი აქტივი, ფულადი ბრუნვა არ გააჩნია და გაუქმებულია.
ხოლო, სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი ყენიას საკითხს სოფელ ჩაისუბანში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მას აღნიშნული ფართობი დეკლარაციაში ასევე სახლთან ერთად აქვს ფიქსირებული კანონის მოთხოვნის შესაბამისად"-ნათქვამია მერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევის თანახმად, ქუთაისის მერმა და მერიის მაღალჩინოსნებმა დეკლარაციები სრულყოფილად არ შეავსეს.
"გამჭვირვალობის" თანახმად, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მამამისი ტარიელ ჭიღვარია შპს “ქუთაისის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში” 33,3%-იანი წილის მფლობელია.
მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ ტარიელ ჭიღვარიას სოფელ ჭრებალოში 474 კვ.მ. და 989 კვ.მ. მიწის ნაკვეთები აქვს. ტარიელ ჭიღვარიას სოფელ მაღლაკში აქვს ასევე ორი მიწის ნაკვეთი, ორივე 2500 კვ.მ. ფართობის, თუმცა გიორგი ჭიღვარიას დეკლარაციაში მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი აქვს მითითებული.
კვლევაში ასევე მოხვდა სამხედრო სამსახურის უფროსი. ვალერი ყენიას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს, რომ მას სოფელ ჩაისუბანში აქვს შემდეგი მიწის ნაკვეთები: 2522 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი; 2518 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; 5040 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"კვლევასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ ქუთაისის საკრებულოშიც. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მითითებულია, რომ ქუთაისის მერიისა და საკრებულოს 30 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარტაციის შესწავლის შედეგად დეკლარაციის არასრულად შევსების 8 ფაქტიდა თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 შემთხვევა გამოვლინდა.
დამალული ქონება და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტები ქუთაისის საკრებულოში
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















