"თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის საკრებულოები სუსტია"
სამი ქალაქის – თბილისის, ქუთაისის და ზუგდიდის საკრებულოები სუსტია, რადგან სათანადოდ ვერ ახორციელებენ მერიის საქმიანობის ზედამხედველობას , - ასეთია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასების კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაცია ორგანიზაციამ დღეს გამართა.
როგორც ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენელმა, ერეკლე ურუშაძემ განუცხადა, საკრებულოები ვერ ახორციელებენ ზედამხედველობას იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისად დამოუკიდებელი არ არიან.
"ადგილობრივი საჯარო მოხელეების მდგომარეობის მხრივ ადგილობრივ დონეზე ისევე, როგორც ცენტრალურ დონეზე შეინიშნება პოლიტიზირება, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან საკმარისად დამოუკიდებელი არ არიან. არჩევნების შემდეგ ადგილი ჰქონდა მასობრივ დათხოვნებს. ასევე მოქალაქეების ჩართულობა და მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ არის დამაკმაყოფილებელი არც ერთ ქალაქში", - განაცხადა ერეკლე ურუშაძემ.
მისივე თქმით, კვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა დადებითი მომენტებიც, მაგალითად აუდიტი.
რაც შეეხება კვლევას, ადგილობრივი ანტიკორუფციული კვლევა, ურუშაძის განცხადებით, საერთაშორისო მეთოდოლოგიას ემყარება, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნოს მიერ ბერლინში შემუშავდა და სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება.
კვლევის ფარგლებში შეფასდა თბილისის, ქუთაისის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის, ანუ საკრებულოს და მერიის საქმიანობა კონკრეტულად ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და ანტიკორუფციული მექანიზმების კუთხით.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი





16:29
16:27
13:32
16:29
















