„საჰაერო ავტოსადგომის მოწყობა მოქალაქეების მოთხოვნა იყო“
საჰაერო ავტოსადგომის მოწყობას, მოქალაქეების დაკვეთას უწოდებს შპს „ფარის“ დირექტორი ოლეგ არღვლიანი. როგორც მან „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, საჰაერო ავტოსადგომის მოწყობა პარკირების პრობლემამ გამოიწვია.
„როდესაც ვეკითხებოდით მოქალაქეებს, ჩვენი ბაზრით სარგებლობის დროს რა პრობლემას აწყდებოდნენ, ერთ-ერთ პრობლემად პარკირება დასახელდა. მოქალაქეების თქმით, ბაზარში მისვლას ავტომობილით ვერ ახერხებდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა საჰაერო ავტოსადგომი, რომელიც პირველ ჯერზე 40-მდე ავტომობილს მოემსახურება“ - განაცხადა არღვლიანმა. მისი თქმით, ავტოსადგომი არ შეუქმნის საფრთხეს მოქალაქეებს და მოხდება ტერიტორიის კონტროლი.
„ფალიაშვილის მხრიდან, სადაც ერთ-ერთი ასასვლელი იქნება, დავტოვეთ შემოსასვლელი ქვეითად მოსიარულეთათვის, ისე, რომ პრობლემა არავის შეექმნას. პროექტი ექსპერტების მიერ არის შედგენილი, ასევე შეთანხმებულია საპატრულო პოლიციასთან და მერიასთან“, - განაცხადა არღვლიანმა.
ბაზრის დირექტორის განცხადებით, ხელმისაწვდომი ფასები იქნება და ავტოსადგომით არა მხოლოდ ადმინისტრაცია და ბაზრის თანამშრომლები, არამედ რიგითი მოქალაეებიც ისარგებლებენ.
არღვლიანის თქმით, მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, ავტოსადგომის მეორე ეტაპზე დაიწყონ მუშაობა. თუმცა, ვინაიდან, ავტოსადგომის მოწყობა ფინანსებთან არის დაკავშირებული, ჯერ ბაზრის შესწავლა მოხდება. რაც შეეხება მეორე ეტაპს, მოხდება არა სართულის, არამედ მხოლოდ ფართის დამატება.
შეგახსენებთ, ქუთაისის „მწვანე ბაზარში“ საჰაერო ავტოსადგომი კეთდება. მშენებლობას შპს "ფარი" ახორციელებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















