|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მიწისძვრის გამო დაკარგულად ითვლებოდნენ, ნაპოვნია

საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქე, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, ნაპოვნია - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს.

ელჩი სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

 "სამწუხაროდ, ჩვენი ორი მოქალაქეა გარდაცვლილი. ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად გვაქვს კავშირი. ვისზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ იყვნენ დაკარგულები, პრაქტიკულად ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ.

იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან და პანიკის გარეშე, რადგან ვითარება საკმაოდ მძიმეა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საშუალებები არსებობს.

ანუ, სავარაუდოდ, მოქალაქე უნდა წავიდეს უკან, საქართველოში, თუა დანგრეული აქვს სახლი, სამსახური დაკარგული აქვს და ა.შ. როგორც მინიმუმ, საჭიროა რაღაც ინფორმაცია, რათა დავაკვალიანოთ და რჩევა მივცეთ, მომავალში რა უნდა გააკეთოს და რა სიტუაციაა მის ირგვლივ.

ასევე, მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებმა, რომელთაც დაკარგული აქვთ საბუთები, პასპორტები, მოგვაკითხონ ჩვენ ან ტრაბზონს. თუ ვერ მოდიან ჩვენამდე, ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა დავეხმაროთ აქ ჩამოსვლამდე, ანკარამდე, სტამბოლამდე ან ტრაბზონამდე, რადგან არის სამი გზა საქართველოში მოსახვედრად – სტამბოლი, ტრაბზონი და ანკარა. ანკარიდან და სტამბოლიდან არის პირდაპირი რეისები, ტრაბზონიდან – სახმელეთო გზა სარფისა და ვალეს მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. 

 

ავტორი: ნიუპრესი