საქართველოში 3 914 000 ადამიანი ცხოვრობს - საქსტატი აღწერის შედეგს აქვეყნებს
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 ადამიანი შეადგინა, - აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღწერის შედეგებზე დაყრდნობით.
„საქსტატის“ ცნობით, ქვეყანაში 2 078 000 (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 836 000 (47 პროცენტი) - კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა (56 პროცენტი) და ქუთაისში (55 პროცენტი), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის (49 პროცენტი), ხარაგაულის (49 პროცენტი) და საგარეჯოს (49 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში.
აღსანიშნავია, რომ აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.
„მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 000 კაცი (62 პროცენტი) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 000 კაცი (38 პროცენტი) - სოფლად. რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66 პროცენტი), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20 პროცენტი), კახეთის (21 პროცენტი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24 პროცენტი) რეგიონებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი.
მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2 პროცენტი.
ავტორი: ნიუპრესი