სასაფლაოების მოვლა-პატრონობა ქუთაისში, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
სასაფლაოებზე ზრუნვისათვის შპს „ქართული ტრადიციები 2011“–ადმინისტრაცია მოსახლობას ახალ სერვისს სთავაზობს. შპს ხელმძღვანელის კახა დალაქიშვილის განცხადებით, სასაფლაოების მოვლა–პატრონობისათვის მოსახლეობას წელიწადში 36 ლარის გადახდა მოუწევს:
„გვაქვს ინიციატივა. ეს იდეა რომ განხორციელდეს, საჭიროა მოსახლეობის უმეტესობის თანხმობა. ჩვენ ვთავაზობთ ქუთაისელებს, 36 ლარის სანაცვლოდ მოვაწესრიგოთ და დავასუფთაოთ მათი ახლობლების საფლავები. ავიყვანთ თანამშრომლებს და მოხდება ყველა საფლავის მოწესრიგება. გვესმის, რომ ეს რთული პროცესია. ვშიშობ, მოსახლეობის უმეტესობა ამ იდეას თავიდან დადებითად არ შეხვდება, მაგრამ 75 % რომ იყოს თანახმა, ჩვენ მზრუნველობას ავიღებთ ყველა საფლავზე. მოხდება დასუფთავება წლების განმავლობაში უმეთვალყურეოდ დარჩენილი საფლავების, რაც, საბოლოო ჯამში, მოგვცემს შედეგს. აღარ იქნება ის პრობლემები, რაც დღეს გვაქვს", – განაცხადა კახა დალაქიშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში.
მისი თქმით, მოსახლეობას ამ თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ შეეძლება - წლის განმავლობაში ორჯერ, ან ყოველთვიურად. "იქნება სპეციალური ანგარიში და გაიცემა ქვითრები, ნიშნად იმისა, რომ ეს არ არის ვინმეს კეთილდღეობაზე გათვლილი და ყველაფერი ხდება თვითმმართველობის დონეზე“–აღნიშნავს დალაქიშვილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















