"საუნივერსიტეტო ქალაქის" ტერიტორიაზე მცხოვრებ სამ დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა ქუთაისში, ერისთავის ქუჩაზე, 3 დევნილ ოჯახს ბინის გასაღები გადასცა, რის შემდეგაც მინისტრმა თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კორპუსი დაათვალიერა.
ბინა იმ დევნილთა ოჯახს გადაეცა, რომლებიც იმ ადგილზე ცხოვრობდნენ, სადაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს ოჯახები, მართალია ქულებს არ ფლობდნენ, მაგრამ გადაწყდა მათი ბინებით დაკმაყოფილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის სახელმწიფოს ბინის ქირა უნდა გადაეხადა, რადგან საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას ხელს უშლიდნენ. ამის შესახებ სუბარმა სასტუმრო "თბილისში" მცხოვრებ დევნილებს განუცხადა, რომლებმაც თავის მხრივ, აღნიშნული დევნილებისათვის ბინის ურიგოდ გადაცემა გააპროტესტეს. მათი თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები არა სახელმწიფოს, არამედ კერძო ინვესტორს უნდა დაეკმაყოფილებინა.
სამ დევნილ ოჯახს ერისთავის ქუჩაზე არსებულ შენობაში ერთოთახიანი ბინები გადასცეს. ხოლო უნივერსიტეტის მშენებლობისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა დევნილები ბინას რიგის მიხედვით მიიღებენ.
შეგახსენებთ, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში, გასული წლის 12 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
უნივერსიტეტის ასაშენებლად მუხნარის ტყეში არსებული ტერიტორია შეირჩა. აღნიშნული ტერიტორიის დაახლოებით 100 ჰა მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ბალანსზეა რეგისტრირებული. დააახლოებით 12 ჰა მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ შეისყიდა.
ტერიტორიაზე ამ დროისათვის სამუშაოები არ მიმდინარეობს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















