"ტექნოლოგიური უნივერსიტეტის" ფარგლებში უცხოურ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
მუხნარის ტყეში, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა აშენდეს, სამუშაოები იმ დონეზეა გაჩერებული, რომელზედაც პროექტის პრეზენტაციის დროს იყო. სწორედ ამიტომ, პროექტს, რომელიც 60 000 სტუდენტზეა გათვლილი, წინასაარჩევნოდ გაჟღერებული შეუსრულებელი დაპირება უწოდეს.
პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ცვლილებების შეტანა დაადასტურა ფონდის „ქართუ“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა. გიორგი უძილაურის განმარტებით, ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი აუცილებლად აშენდება, თუმცა როდის, ამის თქმა არ შეუძლია. როგორც უძილაური „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, სამუშაოები მიმდინარეობს და პროექტი აუცილებლად შესრულდება.
„მნიშვნელოვანი ცვლილება არაფერია. მიმდინარეობს სამუშაოები რამდენიმე ეტაპად და ეს არ ნიშნავს, მხოლოდ ფიზიკურ სამუშაოებს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უნივერსიტეტებთან, რომლებთანაც ვგეგმავთ თანამშრომლობას, ვეცნობით მათ საქმიანობას, რომ სრულყოფილი პროექტი შევქმნათ და განვახორციელოთ“,–განაცხადა უძილაურმა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსისა და ტექნოლოგური უნივერსიტეტის აშენების მიმართ კითხვის ნიშნები არ აქვთ ქუთაისის თვითმმათველობაში. საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, ქუთაისში შექმნილი სახელმწიფოებრივი დონის განათლების ცენტრი სკეპტიკოსებს გააწბილებს.
„საქართველოს პრემიერის მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ფონდის „ქართუ“ მიერ ხორციელდება, წარმოადგენს ქუთაისის როგორც წარსული, ისე მომავლის უახლესი ისტორიის საკმაოდ დიდ მონაკვეთში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს. იგი ფუნდამენტალურად შეცვლის ამ ქალაქის ცხოვრების წესს, დაუბრუნებს ქუთაისს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას და ამ ფუნქციაში მისი მნიშვნელობა, ჩემი პროგნოზით, ნამდვილად გაცდება სახელმწიფოებრივ მასშტაბს. ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეში მცირედი, მოკრძალებული ფორმით ვიყავით და ვართ ჩართული და გვერგო ისტორიულ საქმეში მონაწილეობის პატივი. განცხადებები, თითქოს პროექტი ჩაიშალა, არაა მართალი, ყველა სკეპტიკოსი მინდა გავაწბილო, „პროგნოზები“ არ აუხდებათ, რადგანაც პროექტი ნამდვილად ხორციელდება", -განაცხადა დავით დვალმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















