|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება“

„საჭიროა  საარჩევნო ადმინისტრაციის  პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება“,- ამის შესახებ  დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრში  მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

  შეხვედრას პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების, საარჩევნო კომისიების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"საიამ"  პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“  საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით  შემუშავებული რეკომენდაციები  წარმოადგინა, რომლებიც, მათი განმარტებით,  საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასა და გაუმჯობესება ემსახურება. შეხვედრას უძღვებოდნენ ირმა პავლიაშვილი- "საიას" საარჩევნო პროექტების კოორდინატორი, ელენე ნიჟარაძე - "სამართლიანი არჩევნების" და ზურაბ ზამბახიძე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოს" წარმომადგენელი.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის, ელენე ნიჟარაძის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით საჭიროა ცვლილებების გატარება: “აუცილებელია, დღეს არსებული ნორმების შეცვლა. ჩვენ წლების მანძილზე ვაკვირდებით საარჩევნო პროცესებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასთან დაკავშირებით. საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის უფრო პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება. ის პირები, რომლებიც დასახელდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის  კანდიდატად, არ უნდა იყვნენ რომელიმე პარტიის წევრი, ან პარტიის მიერ დასახელებული". 

წარმოდგენილი რეკომენდაციები არაერთგვაროვნად  შეაფასეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.  რეკომენდაცია ნაწილობრივ  გაიზიარა  ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარემ  ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

"მე მაინცდამაინც არ მომწონს ეს რეკომენდაცია, ახალი იქ არაფერი იყო. პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ნორმა არსებობდა სარჩევნო კოდექსში, 2006- 2008 წლის არჩევნები სწორედ ამ ნიშნით შერჩეულმა საოლქო კომისიებმა ჩაატარეს, რის შემდეგ მოხდა პარტიული ნიშნით კომისიის წევრების დამატება.  უნდა შემუშვადეს ისეთი მექანიზმი, რომელიც მისაღები იქნება ყველასათვის. თუ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდება საარჩევნო კომისიები, მაშინ ეს უნდა მოხდეს სამივე დონეზე“,-განუცხადა ჟურნალისტებს ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

რეკომენდაციების შემუშავებისათვის ორგანიზატორებს მადლობას უხდის გოგი წულაია. მისი თქმით, „მადლობის მეტი რა გვეთქმის ამ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ცდილობენ უკეთესი გახადონ საარჩევნო გარემო. მთავარია, ხელისუფლება რამდენად აღმოჩნდება მზად აღნიშნული რეკომენდაციების გასათვალისწინებლად და ცვლილებების გასატარებლად“,-განუცხადა "ნიუპრესს"  პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის თავმდომარემ.

რეკომენდაციები უკავშირდება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობას,  ასევე საარჩევნო დავებს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას. წარმოდგენილი რეკომენდაციები საბოლოო დამუშავების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება.

 მსგავსი შეხვედრები დადეგმილია საქართველოს სხვადასხვა თვითმმართველ ქალაქებში. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციის "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED)-ის დაფინანსებით ხორციელდება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა