"სახიფათოა"-ქუთაისში "თეთრ ხიდზე" გამაფრთხილებელი სტიკერები გააკრეს [VIDEO]
ქუთაისში, "თეთრ ხიდზე" არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი გამართა, რომლის ფარგლებშიც ხიდზე საფრთხის მანიშნებელი სტიკერები გააკრეს. ორგანიზაციის წევრების თქმით, ორი კვირა გავიდა, რაც ხიდზე მინა დაზიანდა და მერიამ ვერ დაადგინა, რა გახდა გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ორგანიზაციის წევრებმა თავად მოახდინეს მოსახლეობის ინფორმირებულობა.
ორგანიზაციის თავმჯდომარე გია გოქაძე მერიას არასწორად შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის პროექტი ჩავარდა.
"თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ჩავარდა, ახლა არ გვინდა, მოქალაქეებიც ჩავარდნენ მდინარეში, რადგან ხიდზე გადაადგილება უსაფრთხო არაა. ორი კვირის წინ ჩვენ გავმართეთ ბრიფინგი, მოვითხოვეთ ხიდზე საფარი შეცვლილიყო, რაზედაც ირონიული პასუხი მივიღეთ. რამდენიმე დღეში კი ხიდზე მინა დაზიანდა და მერიამ მიზეზები ამ დრომდე ვერ დაადგინა. მერია არ აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, უსაფრთხოა თუ არა ხიდზე გაადგილება, ამიტომ ჩვენ გავაკარით ფლაერები წარწერით "სახიფათოა". ასე მაინც დავიცავთ მოქალაქეებს, რადგან აქ ადგილობრივების გარდა ტურისტებიც დადიან და მათ არ აქვთ ინფორმაცია ხიდის შესახებ", - განაცხადა გია გოქაძემ.
ორგანიზაცია ხიდის იმ ნაწილის გადაკეტვას მოითხოვს, სადაც პანორამული მინაა განთავსებული.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით, სწორედ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო უჩივლა მერიამ კომპანიას სასამართლოში და დაახლოებით 180 000 ლარს ედავება. საქმე ეხება არა ძირითად სამუშაოებს, არამედ კოსმეტიკურ ნაწილს. რაც შეეხება ხიდის უსაფრთხოებას, მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდება უსაფუძვლია, რადგან ხიდზე გადააადგილება არის უსაფრთხო.
მერიაში ასევე განმარტავენ, რომ ორი კვირის წინ მომხდარ დაზიანებაზე გამოძიება გრძელდება და შედეგი მალე გახდება ცნობილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















