გიორგი შავგულიძე: "სკვერებში მარკეტების მშენებლობა ქუთაისის მერიას განვითარება ჰგონია"
ქუთაისის მერიის მიერ წარმოდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმას აფასებს საკრებულოს ყოფილი წევრი გიორგი შავგულიძე. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, გეგმაში ახალი არაფერია და ის 2011 წელს, ქუთაისის მერიასთან არსებული ქალაქის სტრატეგიული განვითარების საბჭოს მიერ შექმნილი 2013 - 2017 წ.წ. ქალაქგანვითარების საშუალოვადიანი პროგრამის ანალოგია.
"მსგავსი პროგრამები, პროექტები, ქალაქს სტრატეგიული განვითარების მნიშვნელობას რომ ანიჭებდნენ, არაერთგზის შექმნილა. ასეთი პროგრამა 2011 წლის 1 ოქტომბერს დამტკიცდა ქუთაისის მერიაში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მის შემდგომ ხუთ წელიწადში ჩვენს ქალაქში არაფერი შეიცვლებოდა გარდა იმისა, რომ 2017 წელს ქალაქში იმოძრავებდა ტრამვაი, ჭადრებს ჩაენაცვლებოდა ევკალიპტის ხეები და მრავალ ენაზე წიგნად გამოიცემოდა ქალაქის სტრატეგიული განვითარების პროგრამა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, განვითარება მხოლოდ ფინანსური ზრდის მაჩვენებელზე აისახებოდა."
შავგულიძის განცხადებით, ამჟამად წარმოდგენილ ქალაქის სტრატეგიული განვითარების პროექტს სასურველია, წინ უძღოდეს ამ მიზნით შექმნილი ქალაქის განვითარების ფონდი, რომელიც უზრუნველყოფდა გეგმით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების საკითხს. მას გეგმასთან მიმართებაში ნაკლები შენიშვნები აქვს, თუმცა ნაკლებ სარწმუნოდ მისი შესრულება მიაჩნია.
"პროექტში წარმოდგენილი ქალაქის თანამედროვე მდგომარეობის აღწერილობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ურბანული განვითარების სტრატეგიის განსაზღვრას, თუმცა აუცილებელი პირობაა მომავლის მიზნის განსაზღვრისათვის, რაც პროექტში პროფესიულ დონეზეა შერულებული. მასთან ერთად, აუცილებელია მიზნისა და ამოცანების გადაწყვეტის გზები და ხერხები მკაფიოდ და დასაბუთებულად იყოს ჩამოყალიბებული, რაც ახალ პროექტში სქემატური და ბუნდოვანია",–აცხადებს შავგულიძე.
მას შენიშვნები არქიტექტურის სამსახურის არაარქიტექტორ ხელმძღვანელთანაც აქვს.
„ამ გეგმის შესრულება ძნელი დასაჯერებელია, მაშინ როცა ქალაქის არქიტექტურის სამსახურს ზედამხედველობის სამსახურთან ერთად კვების ინჟინერი განაგებს, სკვერებში უსახურ მარკეტებს ვაშენებთ, აღმაშენებლისა და ნინოშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, პროსპექტიდან ბაღის მწვანე საფარის ხედვის პერსპექტივას ვაქრობთ, ქალაქში ვერ ვამჩნევთ ფოთოლნარში გახვეულ ბილბორდაფარებულ ილიას ძეგლს, ბარელიეფებს, რომლებსაც კულტურული ღირებულება გააჩნია, ქალაქის შემოსასვლელ-გასასვლელების მნიშვნელობას უცხო თვალით დანახულს, ვინ იცის, იქნებ თვითმართველობისათვის ესეც ქალაქის სტატეგიული განვითარების ნაწილია",–აცხადებს გიორგი შავგულიძე.
ის თანამედროვე დასავლური ურბანისტული განვითარების თვალსაზრისზე დაყრდნონით აცხადებს, რომ რომელიმე დარგის, ან მიმართულების პრიორიტეტად აღიარება არასწორია. მისი თქმით, სამოქალაქო ცხოვრებისათვის პრიორიტეტია ყველაფერი, რასაც სამოქალაქო საზოგადოება მოცემულ მომენტში და მომავალში მოიხმარს.
შეგახსენებთ, გეგმა 2020 წლის ჩათვლით არის განსაზღვრული და 7 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია; ქუთაისი, როგორც დასავლეთ საქართველოს მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი, განათლების ცენტრი, სამედიცინო ცენტრი, რეგიონის ტურისტული ჰაბი, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის ცენტრი, ქუთაისის, როგორც მცირე ინდუსტრიების ცენტრი და ბოლოს, კულტურისა და სპორტის ცენტრი.
სტრატეგიული გეგმის შემუშავებისათვის გაწეული სამუშაოებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















