|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რიტუალური თვალების დათხრა მოაწყვეს" - ქუთაისელი ექიმი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

ქუთაისელი ექიმი ვახო სიხარულიძე პარლამენტის წინ მე-11 დღეა შიმშილობს. არასათავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად  პროტესტის  უკიდურესი ზომის შეწყვეტას არ აპირებს, როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, აქციის მონაწილეების 3 მოთხოვნიდან არც ერთი  შესრულებულა.  

"მე ყოველგვარი სამედიცინო ჩარევაზე ვაცხადებ უარს, სანამ არ ამუშავდება ექიმური კანონი, ეს ნიშნავს, სანამ არ დავკარგავ გონებას, მე ფილტვების ანტება მაქვს, მაგრამ არ ვიღებ წამლებს, რადგან არ ვენდობი მედიკოსებს.. რაც შეეხება მოთხოვნებს, შეიცვალა ვითარება, რომ ვიძახოდით სამი მოთხოვნიდან  ორი შესრულდა და ერთი დარჩა,  გახარიას გადადგომა  -  ასე არ აღმოჩნდა, არ შესრულებულა არცერთი. პირველი მოთხოვნა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას უკავშირდება, ამას დრო ჭირდება და პროცესებია გასავლელი, ძალიან დიდი ალბათობით, შეიძლება შეაჩეროს უმრავლესობამ, მეორე მოთხოვნა დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება, ახლა ისევ დაიწყეს დაპატიმრებები, თან მუხლი გაამკაცრეს, რაც ნიშნავს, რომ არც ეს მოთხოვნა შესრულებულა.  რაც შეეხება გახარიას გადადგომას, გახარია არ გადადგება კარგი კაციაო, ხომ შეეძლო სპეცრაზმელებს ყველასთვის დაეთხარა თვალები, მაგრამ ასე არ გააკეთებინა, ეს იყო პრევენციული თვალების დათხრაო, ანუ რიტუალური თვალების დათხრა მოაწყო ჩვენი გოგო-ბიჭების დანარჩენი საქართველოს საჩვენებლად, დასაშინებლად და დასასჯელად, მისი კერპის, პუტინის და რუსების გასახარად? ამ საქმეს მე გამოვიძიებო და როგორ შეიძლება გახარიამ გამოიძიოს ეს საქმე? ამიტომ პროტესტი გრძელდება, ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი პოლიტიკური საშუალებებით", - განაცხადა ვახო სიხარულიძემ.

 ის ქუთაისის მერსაც მიმართავს და "ევროპა ჩვენი სახლიასათვის" სტიკერების გაკვრის გამო გამოწერილ ჯარიმას ახსენებს, "აქ ბევრი წარწერები გავაკარი, გამოუშვით თქვენი სამსახურები და ფოტოები გადაუღეთ", -მიმართავს სიხარულიძე გიორგი ჭიღვარიას.

 ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვახო სიხარულიძის შვილის თინა სიხარულიძის წერილი გავრცელდა, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამს მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. "სანამ მამაჩემთან წავალ, ყოველდღე უფროდაუფრო მემატება შიში. ვიცი, რომ უარესად იქნება. ეს არ ჰგავს არცერთ სხვა შეგრძნებას. პნევმონია აქვს, წამლებს არ სვამს და მე ველოდები, რომ დღითიდღე დამძიმდება მისი მდგომარეობა. მამაჩემმა დაიწყო ჯანმრთელმა და დაამთავრებს დასუსტებული, უძლური, გონებას დაკარგავს და წაიყვანენ. და ღმერთო, ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ ეს ფაქტი არავისთვის არაფერს შეცვლის. არადა როგორ გვინდოდა, როგორ ვცდილობდით...
ახლაც ვდგავართ, მაინც ვდგავართ. გვინდა უკეთესი ქვეყანა. ჩვენთვის, შენთვის, სხვისთვის.
მინდა, ღმერთი გამოვიგონო მამაჩემისთვის, რადგან არ მწამს არსებული არცერთი ღმერთის. მაგრამ მწამს მამაჩემის, მის თვალებში დანახული სიმართლის ცეცხლის. მე მწამს სიცოცხლის, სიყვარულის, თავისუფლების. არა მშვიდობის, არა სიმდიდრის. მხოლოდ თავისუფლების!
მე მწამს ბრძოლების, უიმედო ბრძოლების. უბრალოდ მეშინია. მაპატიე ეს შიში, მამა!", -წერს თინა სიხარულიძე. 

"აქ ჩემი შვილის გვერდით ვარ"- ქუთაისელი ვახო სიხარულიძე მესამე დღეა პარლამენტის წინ შიმშილობს

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა