"სოციალური სტატუსის მისანიჭებლად იატაკის შემოწმება აუცილებელი გახდა"
სოციალურად დაუცველის სტატუსის მოსაპოვებლად არსებულ მეთოდოლოგიაში ახალი კრიტერიუმებია. აღნიშნული ცვლილებით, მეთოდოლოგიაში დაემატა პუნქტი, რომლითაც აგენტი ვალდებულია შეამოწმოს ბენეფიციარის საცხოვრისის იატაკი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჭიღლაძის განცხადებით, იმ ბენეფიციარების შემოწმება დაიწყო, რომელთაც ქულები ახალი მეთოდოლოგიით არ მინიჭებიათ.
„ვამოწმებთ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ქულები ახალი მეთოდოლოგიით არ მინიჭებიათ. ახალ მეთოდოლოგიაში არსებული ცვლილებით, აუცილებელია იატაკის შემოწმება. ამიტომაც აგენტები ვალდებული არიან შეამოწმონ იატაკი, თუმცა პარკეტის ან სხვა სახის იატაკის არსებობა არ არის გადამწყვეტი. მხოლოდ ამით არ დგინდება ქულები, არის სხვადასხვა კრიტერიუმები; ეს არის შემოსავალი, პენსია, ოჯახური მდგომარეობა. ამის შესახებ გვაქვს პერსონალურად ინფორმაცია და ქულები ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჯამდება“, - განაცხადა ნინო ჭიღლაძემ.
რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული ცვლილება, ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელს პასუხი არ აქვს და აცხადებს, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.
შეგახსენებთ, წყალტუბოში მცხოვრებ დევნილების განცხადებით, სოციალური დახმარება მათ მასობრივად მოეხსნათ. დევნილების თქმით, მათთან მისული აგენტი, მხოლოდ იატაკს ამოწმებდა და სოციალური დახმარებაც სწორედ პარკეტის გამო მოეხსნათ.
დევნილები მთავრობას მოუწოდებენ დაინტერესდნენ მათი პრობლემებით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















