|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიჭი, რომელიც "ნაციონალებში" დადიოდა – "გაპატრიოტებული" მაჟორიტარი მწვანე შუქს ელოდება

2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე მოსახლეობა ახალ თვითმმართველობას აირჩევს და ამ გზით, ამომრჩეველი ქალაქის მართვის მანდატს მომდევნო 4 წლის ვადით გადასცემს. თუმცა, მანამდე იქნება ბევრი დაპირება ....

რამდენად შესრულდა ის დაპირებები, რომლებიც წინა არჩევნებზე ქუთაისელებს უხვად დაურიგეს და რითაც ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის გული მოიგეს? რა მოთხოვნები ჰქონდა და რა აქვთ სათქმელი თავიანთი ამომრჩევლებისთვის დეპუტატებს, რომლებმაც ოთხწლიანი მაჟრიტარობის მანდატი ერთი პოლიტიკური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოიპოვეს და ამ დროისთვის უმეტესობა სხვა პარტიაში გადავიდა? რას ფიქრობენ ამომრჩევლები პოლიტიკურად "გადანერგილ" უბნის მაჟორიტარ დეპუტატებზე? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს, ყოველ ორშაბათს "ახალი გაზეთის" ახალ რუბრიკაში, "უბნის მაჟორიტარი" მიიღებთ.  

რუბრიკის რიგით მეოთხე სტუმარი, "გამარჯვების" სამაჟორიტარო ოლქის "გაპატრიოტებული" დეპუტატი ტარიელ მესხია, რომელიც  ამ დროისთვის  ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრია. 

პროფესიით იურისტი ტარიელ მესხი, ქუთაისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატია. ის საკრებულოში პირველად 2006 წელს,  "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით მოხვდა.

2010 წელს კი, ამავე პარტიიდან, გამარჯვების სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მოიპოვა.  თუმცა, ორი წლის შემდეგ, რაც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "ნაციონალები" დამარცხდნენ, ის რამდენიმე თვეში წაგებულ პარტიას გამოეყო და ყოფილი "ნაციონალებისგან" დაკომპლექტებულ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა.

***

"ყვარყვარეები არიან ზუსტად. ყველა დეპუტატი ყვარყვარეა. არც შემეშინდება ამის თქმა. თუ გინდათ, პირშიც  ვეტყვი".

"ყველა იცვლის პოლიტიკურ პარტიებს. სადაც უკეთესობაა, იქ მიდიან".

"ალბათ, მის ოჯახს ასე აწყობდა და ამიტომაც "გაპატრიოტდა". ოჯახს ხომ უნდა რჩენა?" - ასეთია გამარჯვების სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებთა შეფასება "გაპატრიოტებული" დეპუტატის მიმართ.

საკუთარი ამომრჩევლების მიერ "ყვარყვარედ" წოდებული "პატრიოტი" დეპუტატი კი განმარტავს, რომ "ნაციონალების" მიმართ მაშინაც და ახლაც, "გაპატრიოტების" მიუხედავად, კარგი დამოკიდებულება აქვს და მათ იდეებსაც იზიარებს.

"მაგრამ შიგნით იყო ისეთი რამ, რის გამოც დავტოვე და წამოვედი", - ამბობს ტარიელ მესხი.

გამარჯვების სამაჟორიტარო ოლქში 20-მდე ქუჩა შედის, სადაც 17 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. თუმცა, ტარიელ მესხი ამბობს - "ზუსტად არ ვიცი რამდენი ქუჩაა. ძალიან ბევრი ქუჩა შედის და 80-მდე კორპუსია. გარდა ამისა, არის კერძო დასახლებებიც."

აღნიშნული სამაჟოროტარო ოლქის მცხოვრებლები თავიანთ დეპუტატს ნაკლებად იცნობენ.

"ბიჭი, რომელიც "ნაციონალებში" დადიოდა"

"სახელი და გვარი გამიგონია, მაგრამ არ მინახავს."

"ეს ის არაა გამსახურდიაზე რომ ცხოვრობს? კი იყო ერთხელ მოსული, თავი გაგვაცნო ტარიელ მესხად, მაგრამ მის მერე წავიდა და აღარ გამოჩენილა."

"ეგ არც "ნაციონალად" გვინახავს და არც "პატრიოტად".

"მესხი ეს ის ბიჭია ადრე "ნაციონალებში" რომ დადიოდა? ახლა "პატრიოტი" გახდა? - ვისია ეგ პარტია საერთოდ?" - ამბობს ჭავჭავაძის ქუჩის #48-ში მცხოვრები ამომრჩეველი, სერგო ვახტანგაშვილი.

ნახეთ ვიდეო

ასე გააცნო "გაპატრიოტებულმა" ტარიელ მესხმა თავი 4 წლის განმავლობაში საკუთარ ამომრჩევლებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ის ამომრჩეველთან შეხვედრებზე დადიოდა.

"თუ არ  ჩავთვლით საარჩევნო შეხვედრებს, ალბათ, თითო კორპუსში სამჯერ მაინც მქონია შეხვედრა," - ამბობს ტარიელ მესხი.

***

ჭავჭავაძის გამზირის #49 კორპუსის მცხოვრებლები მოუწესრიგებელ შიდა ეზოს, საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემის არარსებობას და ასევე, სადარბაზოების მოუწესრიგებლობას უჩივიან. აღნიშნული კორპუსის მცხოვრებელები მაჟორიტარ დეპუტატს უარყოფით კონტექსტში არ მოიხსენიებენ. თუმცა,  უფრო უჭირთ ამავე დეპუტატის მიერ 4 წლის განმავლობაში მათ კორპუსში გაკეთებული საქმეების გახსენება.

"ყველაფერზე ჩვენ რა უნდა გითხრათ. მიმოიხედეთ და ნახეთ, ვინ რას გვიკეთებს. ერთი თუ  გაწვიმდა, ეზოში ზღვა დგება. ასევე, ზემოდანაც გვაწვიმს სახურავის არარსებობის გამო. სირცხვილია, სულ მცირე ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება 21-ე საუკუნეში. ეს ყველაფერი, შვილო, ამ მთავრობის სირცხვილია," - აცხადებს ჭავჭავაძის გამზირის #49 კორპუსის მცხოვრებელი.

ანალოგიურად, გზის საფარის არარსებობას, მთავრობის, კონკტრეტულად მაჟორიტარის უყურადღებობას  უკავშირებენ ზვიად გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლებიც.

"მე ნუ მეკითხებით ვინ რა გააკეთა, გადით და ნახეთ შუა გზაზე ამოხეთქილია სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა. ეს გააკეთა მთავრობამ," - ამბობენ ზვიად გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებნი.

ჯავახიშვილის ქუჩაზე #18-ში მცხოვრებლები დეპუტატის მიერ 4 წლის განმავლობაში მხოლოდ გარე განათების გაკეთებას იხსენებენ.

"ალბათ, ესეც იმიტომ გააკეთეს, რომ კისერი არ მოგვეტეხა. გავს ეს ტერიტორია, რომ ვინმე ჰყავს პარტონი? იყო წლების წინ მოსული შეხვედრაზე, გვითხრა ტარიელ მესხი ვარ, თქვენი დეპუტატი, ამას და იმას გაგიკეთებთო, მაგრამ მას მერე არც თვითონ გვინახავს და არც მისი გაკეთებული საქმე. გაქრა ის ბიჭი," - ამბობს ჯავახიშვილის ქუჩაზე #18-შიმცხოვრები, ნაირა კვაჭანტირაძე.

მისი თქმით, გარე განათების გარდა, კორპუსში სხვა უამრავი ინფრასტრუქტურული საკითხების - შიდა ეზოების, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემის  მოგვარება ჭირდებათ, რომლის განხორცილებას ოთხი წლის წინ მესხი შეპირდათ.

"მაგ მესხს კი არა, 45 წელია აქ ვცხოვრობ და კაციშვილს არაფერი გაუკეთებია. ვინ რისი გამკეთებელია?" - ამბობს ჯავახიშვილის ქუჩაზე #18-ში მცხოვრები, ელენე ქებულაძე.

უიმედო ამომრჩეველი

"გამარჯვების" ოლქში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი არჩევნებზე მისვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ აპირებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, მათ მიერ არჩევანის გაკეთებას აზრი არ აქვს იმდენად, რამდენადაც მათ მიერ მოწონებული და არჩეული დეპუტატი მაინც არაფერს აკეთებს.

"მე საერთოდ არ ვმონაწილეობ არჩევნებში. მაინც არა აქვს აზრი," - ამბობს ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრები, სერგო ვახტანგაშვილი.

"არ ვიცი რა ჭკუაზე დავდგები. ასე თუ წავიდა საქმე არჩევნები კი არა საერთოდ წავალ საქართველოდან," - ამბობენ ზვიად გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებნი.

აპოლიტიკური მაჟორიტარი

თავად მაჟორიტარი დეპუტატი კი, მის მიერ, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, გაკეთებული საქმეებით კმაყოფილია.

"მე თითქმის ყველა დაპირება შევასრულე, რომელიც მათ მივეცი. ეს იყო შიდა ეზოები, სახურავის თუ გარეგანათების საკითხი," - ამბობს ის.

მიიღებს თუ არა 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას უბნის მაჟორიტარად, ტარიელ მესხი ამბობს, რომ თავად ამის სურვილი აქვს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, მაინც პარტიის ლიდერებზეა. მესხის თქმით, თუკი პარტიაში მის სრუვილს მწვანე შუქს აუნთებენ, მაჟორიტარად ამავე უბანში იქნება. უბანში, სადაც ამ დრომდე ისე იცნობენ, როგორც: "ადრე ნაციონალებში" მოსიარულე ბიჭი".

"თუკი გადავწყვეტ კენჭისყრას, ისევ "გამარჯვების" ოლქში ვიქნები. მოსახლეობას კი დავპირდები, რომ საკრებულოში ისევე ვიაქტიურებ მათ მიერ დასმული საკითხების გადაწყვეტით, როგორც აქამდე. ასევე, ამ საქმეში არ გავრევ პოლიტიკას, რადგან ხალს პოლიტიკა არ აინეტერესებს," -  ირწმუნება ტარიელ მესხი.

ნახეთ ვიდეო

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა