|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკეას უბნის მაჟორიტარი - ყველა ვერ დამიმახსოვრებს

2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე მოსახლეობა ახალ თვითმმართველობას აირჩევს და ამ გზით, ამომრჩეველი ქალაქის მართვის მანდატს მომდევნო 4 წლის ვადით გადასცემს. თუმცა, მანამდე იქნება ბევრი დაპირება ....

რამდენად შესრულდა ის დაპირებები, რომლებიც წინა არჩევნებზე ქუთაისელებს უხვად დაურიგეს და რითაც ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის გული მოიგეს? რა მოთხოვნები ჰქონდა და რა აქვთ სათქმელი თავიანთი ამომრჩევლებისთვის დეპუტატებს, რომლებმაც ოთხწლიანი მაჟრიტარობის მანდატი ერთი პოლიტიკური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოიპოვეს და ამ დროისთვის უმეტესობა სხვა პარტიაში გადავიდა? რას ფიქრობენ ამომრჩევლები პოლიტიკურად "გადანერგილ" უბნის მაჟორიტარ დეპუტატებზე? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს, ყოველ ორშაბათს "ახალი გაზეთის" ახალ რუბრიკაში, "უბნის მაჟორიტარი" მიიღებთ.

რუბრიკის, სტუმარია ნიკეას უბნის მოქმედი მაჟორიტარი და ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მერაბ ბარათაშვილი.

 

მერაბ ბარათაშვილი ქუთაისში, ნიკეას უბნის მოსახლეობამ მაჟორიტარ დეპუტატად 2010 წელს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით აირჩია. ნიკეას უბანში იმ დროისთვის 20 000 ამომრჩველი იყო რეგისტრირებული. ბარათაშვილს ამომრჩეველთა დიდმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. თუმცა, თავად დეპუტატი მხარდამჭერთა კონკრეტულ პროცენტულ რაოდენობას  ვერ იხსენებს.

 

მაჟორიტარის საქმიანობის პარალელურად, მერაბ ბარათაშვილი ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

 

ნიკეას მოქმედი მაჟორიტარი ამბობს, რომ მას ამომრჩეველთა არც ერთი ზარი უპასუხოდ არ დაუტოვებია. ბარათაშვილის თქმით, მას უბნის მცხოვრებთა პრობლემები და სატკივარი ღამის საათებშიც კი გაუზიარებია.

 

მიუხედავად დეპუტატის ამ განცხადებისა, newpress.ge - ის მიერ გამოკითხული ნიკეას ქუჩის მოსახლეობის ნაწილი უბნის მაჟორიტარს არ იცნობს.

 

"გამიგია, მაგრამ მე პირადად არ შევხვედრივარ."

"ჩემთვის არავის არაფერი გაუკეთებია," - ამბობს ნიკეას ქუჩის მცხოვრები, ტარიელ უჩაძე.

"არ ვიცი, არ გამიგია," - აცხადებს ნიკეას ქუჩის მცხოვრები, ბელა ჩინჩალაძე.

"ახლა გასაგებია, ამდენი ხანი არ ვიცოდი," - ამბობს ნიკეას ქუჩის მცხოვრები, ვიოლა ზარნაძე.

"გამიგია, მაგრამ შეხვედრები არ გვქონია."

"ყოველდღე არიგებენ რაღაცეებს, მაგრამ ვინ ვინაა რას გაიგებ."

"არავინ არ მოსულა ჩვენთან, ჩვენთვის არავინაა. არც ბარათაშვილმა  და არც არავინ დაგვამასხოვრა თავი," - ამბობს ნიკეას ქუჩაზე ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილი, ჯულიეტა ბებია.

"დაგვპირდნენ, რომ გაალამაზებდნენ სტადიონს. რაც გაკეთდა 6-7 წლის უკან, მის მერე არაფერი მიმატებია. დაგვპირდა, რომ სკამებსაც დადგამდნენ, მაგრამ არ გააკეთეს. საერთოდ არ ეტყობა უბანს, რომ მაჟორიტარი ჰყავს," - ამბობს ნიკეას ქუჩის #7ა-ში მცხოვრები ამომრჩეველი.

ნიკეას უბნის მაჟორიტარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კვირის განმავლობაში საარჩევნო უბანში ვიზიტი 2-3-ჯერ ჰქონდა, უბნის სიდიდიდან გამომდინარე, ყველა ამომრჩეველს თავს ვერ დაამახსოვრებდა.

"20 000 ამომრჩევლიდან ყველა ვერ დამიმახსოვრებს. კერძო სექტორში კომუნიკაციის დამყარება იოლია, კორპუსებში შედარებით რთულია, რადგან მე-9 და მე-10 სართულზე ადამიანებს სახლში ვერ მიაკითხავ. არიან ადამიანები, რომლებსაც დეპუტატთან ურთიერთობა არ მიაჩნიათ არანაირ საჭიროებად და არცნობაც აქედან გამომდინარეობს," - აღნიშნავს მერაბ ბარათაშვილი.

ნიკეას ქუჩის მცხოვრებთა დიდი ნაწილი კი უბნის მაჟორიტარს იცნობს და მის საქმიანობაზეც დადებითად საუბრობს.

"მერაბი კი, როგორ არა ვიცნობთ. ბევრი რამ გააკეთა. ამასთან შედარებით, ტალახში ვიყავით," - ამბობს ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევში მცხოვრები ამომრჩეველი.

"გასაკეთებელის მეტი რაა. რაც შეუძლიათ აკეთებენ."

მერაბ ბარათაშვილის განცხადებით, ნიკეას ქუჩაზე, მისი ინიციატივით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მაჟორიტარი ამბობს, რომ თითქმის ყველა კორპუსთან მისასვლელ გზაზე ახალი საფარი დაიგო და მოწესრიგდა გარე განათება.

"დეპუტატი ვერასოდეს გააკეთებს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის გული მოიგოს. ვცდილობდი მათი პრობლემების მოგვარებას და ხშირად ეს გამომდიოდა. ადამიანები გაკეთებულს მალე ივიწყებენ. მეამაყება, რომ  ნიკეას ქუჩაზე ყველა ქუჩა გაკეთდა, ისეთი ქუჩებიც, რომლების მანამდე მუხლამდე ტალახში იყვნენ," - ამბობს მერაბ ბარათაშვილი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოში უმცირესობაში აღმოჩნდა. ფრაქციის ზოგიერთმა წევრმა პოლიტიკური შეხედულებები შეიცვალა და პარტიას გაემიჯნა. მერაბ ბარათაშვილი ამ დრომდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ის ამბობს, რომ უმცირესობაში ყოფნას მისთვის მაჟორიტარის საქმიანობის განხორციელებაში ხელი არ შეუშლია და მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პირობებში ნიკეას უბანში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეძლო, როგორიცაა გამსახურდიას ქუჩისა და ნიკეა-თაბუკაშვილის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

თუმცა, ნიკეას უბნის მაჟორიტარი იმ პროექტებზეც საუბრობს, რომელთა განხორციელება უბანში 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო.

"ერთ რამეზე მწყდება გული, რომ გამწვანების მიმართულებით ასჯერ უფრო მეტია გასაკეთებელი და ვერ შევძელი. ნიკეა საკმაოდ გამწვანებულია, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია," - აღნიშნავს მერაბ ბარათაშვილი.

"მე თუ ჩემი ხელი არ გავანძრიე, სხვა რა ვიცი რას გამიკეთებს. ხალხისთვისაა მთავარი, ჩემისთანა ხალხისთვის," - ამბობს ნიკეას ქუჩის მცხოვრები, მანანა ჭიღლაძე.

"ყველაფერი კარგი გააკეთა. ნეტა მაგი დარჩებოდეს მაჟორიტარად. მართლა დადის, ხალხში დადის. ბევრმა მისცა ხმა და კარგი მაჟორიტარია. ახლაც კარგი ბიჭი იყრის კენჭს "ნაციონალებიდან", თუ გავიდა," - ამბობს ნიკეას მე-2 შესახვევის #2-ში მცხოვრები ამომრჩეველი.

"ბარათაშვილი ვინაა, რას წარმოადგენს? ჩვენი მაჟორიტარი იყო? როგორ მივცემ უცნობს ხმას. მე ვენდობი იმას, ვისაც რამე გაუკეთებია და ვისაც არა, გადავხაზავ ჯვრით ყველას იმიტომ, რომ არავინ არაფერს აკეთებს. ერთი ჭამს და ათი მშიერია," - აცხადებს ნიკეას ქუჩის მცხოვრები, ამირან ცაგარეიშვილი.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მერაბ ბარათაშვილი მაჟორიტარ დეპუტატად არ დაასახელა. მოქმედი მაჟორიტარი ვერც პარტიულ სიაში მოხვდა. ბარათაშვილი ამბობს, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, აქცენტი ახალ სახეებზე გაკეთდა, თუმცა, ის მაჟორიტარის მანდატის მეორე ვადით მოპოვებისთვის მზად იყო.

"ნასიამოვნები არ ვარ ამ ფაქტით. ჩემთვის არ იყო სასიამოვნო მოსასმენი ეს, მაგრამ პარტიაში მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ესაა პოლიტიკური პარტია და არა მეგობართა ჯგუფი, რომელიც ლაშქრობაზე მიდის," - ამბობს მერაბ ბარათაშვილი.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა