|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში პენსიასა და მოხელის ხელფასს შორის სხვაობა 700%-ია

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში საშუალო ხელფასი 40,8%-ით გაიზარდა, მინიმალური პენსია კი - 87%-ით. მიუხედავად ამისა, საშუალო ხელფასსა და პენსიას შორის თანაფარდობა დღემდე კოლოსალურად მაღალია. დაქირავებით დასაქმებულის საშუალო შრომითი ანაზღაურება პენსიას 430%-ით აღემატება. განსაკუთრებით მაღალია თანაფარდობა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასებსა და პენსიას შორის, აქ სხვაობა დაახლოებით 695%-ია.

პენსიასა და საშუალო ხელფასს შორის ასეთი მაღალი თანაფარდობა, პრაქტიკულად, არც ერთ ქვეყანაში არ არის. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნორმალურ ქვეყანაში ეს სხვაობა, საშუალოდ, 40%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 795,5 ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 60 ლარით მეტია. 2013 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 729,6 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება დაახლოებით 40,8%-ით გაიზარდა. თუ 2010 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასი 564,7 ლარი იყო, 2011-ში ეს ციფრი - 631,3 ლარამდე, 2012-ში კი 676 ლარამდე გაიზარდა.

ამ 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში, ხელფასი გაეზარდათ ყველა სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის, სახელმწიფო მმართველობაში მომუშავეებს. თუ 2010 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 926 ლარს შეადგენდა, 2014 წლის პირველ კვარტალში ანაზღაურების საშუალო მოცულობა 1079 ლარი გახდა. ასევე გაიზარდა საფინანსო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები, 2010 წელს ამ სექტორში მომუშავეთა საშუალო ანაზღაურება 1315,7 ლარს შეადგენდა, ახლა ის 1744,8 ლარია.

ხელფასის პარალელურად ბოლო 5 წლის განმავლობაში მოიმატა პენსიამაც. მართალია, აქ ზრდა დაახლოებით 87% იყო, თუმცა საშუალო ხელფასთან შედარებით, პენსიის მოცულობა დღემდე საკმაოდ დაბალია. როგორც ცნობილია, 2010 წელს მინიმალური პენსია 80 ლარი იყო, შემდგომ პენსია 100 ლარამდე გაიზარდა, შარშან კი ზრდა ორჯერ მოხდა, ჯერ 125 ლარამდე, შემდეგ კი - 150 ლარამდე.

მიუხედავად ამისა, საშუალო ხელფასსა და პენსიას შორის თანაფარდობა დღემდე მაღალია. დაქირავებით დასაქმებულების საშუალო შრომითი ანაზღაურება პენსიას 430%-ით აღემატება. განსაკუთრებით მაღალია თანაფარდობა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასებსა და პენსიას შორის, აქ სხვაობა დაახლოებით 695%-ია. ასეთი თანაფარდობა კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, თითქმის არსად არ არის.

დაქირავებით დასაქმებულის საშუალო ხელფასი რიგითი პენსიონერის პენსიაზე ყოველთვის მაღალია. ასე ხდება ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. აქ მთავარი თანამდებობრივ სარგოსა და პენსიას შორის არსებული სხვაობაა, რაც საქართველოს შემთხვევაში, ბევრად მაღალია, ვიდრე თუნდაც განვითარებული ეკონომიკის მქონე აზერბაიჯანსა და რუსეთში. საქართველოში საშუალო ხელფასი პენსიას დაახლოებით 6-ჯერ აღემატება.

ექსპერტები ამბობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში საშუალო ხელფასს და პენსიას შორის არსებული სხვაობა ყოველთვის ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული კრიტიკის საგანია. ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში ცდილობენ, რომ ეს სხვაობა 30-50%-ს არ აღემატებოდეს.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ პენსიის ასეთი რაოდენობით მატება მისმა დაბალმა მოცულობამ გამოიწვია.

”ათვლის წერტილი იყო მცირე და ასეთი დიდი ზრდა ამიტომ მოხდა. თუმცა ჩვენ ახლა ვიბრძვით იმისთვის, რომ მივაღწიოთ პენსიისა და ხელფასის იმ თანაფარდობას, რაც არის ბევრ ქვეყანაში (მაგალითად, ჩილეში, ან რაც იყო საბჭოთა კაშვირის დროს), ანუ 40%-იანი შეფარდება. ახლა სხვაობა ძალიან დიდია.

იმისათვის, რომ ამ მაჩვენებელზე გავიდეთ, პენსია, საშუალოდ, 2,1-ჯერ და უფრო მეტად უნდა გავზარდოთ, ანუ ის უნდა იყოს დაახლოებით 320-350 ლარი, რომ ჩაჯდეს იმ პროპორციებში, რა პროპორციებიც არსებობდა საბჭოთა პერიოდის საქართველოში. პენსიის გაზრდა აუცილებელია, მაგრამ დღეს შეუძლებელი, რადგან ამის რესურსი ქვეყანას ჯერჯერობით არ გააჩნია. ზოგადად ეს ციფრები არის წმინდა სტატისტიკა. ამის უკან იმალება რეალური დრამატიზმი ჩვენი ცხოვრებისა. დღეს პენსიონერები რეალურად მარგინალური ჯგუფი გახდა, რომელთაც თუ საზოგადოების სხვა წევრები (პირველ რიგში, ოჯახის წევრები არ დაეხმარებიან), მათ არსებობაც კი გაუჭირდებათ”, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ხელფასსა და პენსიას შორის ასეთი თანაფარდობა მოკლევადიანი პერიოდის ობიექტური ეკონომიკური კანონზომიერების ჩარჩოებში არ ჯდება. თან, თუ ამას მშპ-ს ზრდას დავამატებთ, აღმოჩნდება, რომ ხელფასები უფრო წინსწრებით იზრდება, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა, რაც არასწორია.

რაც შეეხება ხელფასების ზრდას, არჩვაძის თქმით, საშუალო მაჩვენებელი სულ სხვა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო სტატისტიკაში ტოპ მენეჯერების ანაზღაურება გათვალისწინებული.

”ზოგადად ეს ამახინჯებს საშუალო მაჩვენებლებს. ჩვენ თუ მენეჯერების ხელფასს გამოვრიცხავდით, ეს მაჩვენებლი იქნებოდა უფრო შედარებითი და გამოყენებადი, ახლა კი ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი”, - დასძინა არჩვაძემ.

მინიმალურ პენსიასა და საშუალო ხელფასს შორის არსებულ თანაფარდობას საგანგაშოდ დიდს უწოდებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძე. იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, აუცილებელია, მინიმალური პენსია რეალური საარსებო მინიმუმის დონეზე ავიდეს.

”რეალურ საარსებო მინიმუმამდე პენსიის გაზრდა შეამცირებს მაღალ თანაფარდობას და ეს სხვაობა მეტ-ნაკლებად ჩარჩოებში ჩაჯდება, მაგრამ ჯერჯერობით არ იკვეთება, რომ ეს მოხდება. უფრო მტკივნეული და აღსანიშნავია ის სხვაობა, რაც პენსიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულების ხელფასებს შორისაა. საერთოდ, სახელმწიფო სექტორში ხელფასის ზრდის ტემპმა პენსიის ზრდის ტემპს არ უნდა გაასწროს, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი ყოველთვის სხვანაირადაა.

მიმაჩნია, რომ პენსიისა და საბიუჯეტო სექტორში ხელფასების ზრდასთან მიმართებაში უნდა არსებობდეს გარკვეული ტაქტიკა და ჩარჩოები. უნდა შემუშავდეს რაღაც პარამეტრი, რომელიც სქემის სახით და მიხედვით იქნება შემუშავებული.

მეორე და მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვითონ სახელმწიფო სექტორში ხელფასებს შორის უნდა იყოს წინასწარი განსაზღვრული გეგმა. სახელფასო ბადე უნდა იყოს დამუშავებული, რომელიც განსაზღვრავს, რანჟირების სისტემის მიხედვით თითოეული თანამდებობის პირის ხელფასს. როცა იქნება რანჟირება, მაშინ იქნება ხელფასი წინასწარ დადგენილი. ეს ის საკითხია, რაც დღემდე მოუგვარებელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა აუცილებელია”, - დასძინა ავთანდილ სილაგაძემ.


ელზა წიკლაური
წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა