|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში თხევადი გაზის დეფიციტია

იმერეთის რეგიონში  დაახლოებით ერთი თვეა  თხევადი გაზის დეფიციტია. ის სადგურები, რომლებიც  თხევადი გაზის რეალიზაციას ახორციელებენ, ამ ეტაპზე გაჩერებულნი არიან. გაზი არც იმ ბაზაზე მოიპოვება, რომელიც მას რეგიონის მასშტაბით ანაწილებს. არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით  მოქალაქეები სხვადასხვა ვერსიას გამოთქვამენ. ერთ–ერთი მათგანი კი თხევადი გაზის გაძვირებას უკავშირდება.

 ქუთაისში დაახლოებით 5–მდე პუნქტია, სადაც თხევადი  გაზის შეძენა შეიძლება. გაზის შეძენის მსურველი მოქალაქეები  ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტს მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, გაზზე ფასის მატება იგეგმება. დეფიციტი კი  ხელოვნურად შეიქმნა იმისათვის, რომ გაზრდილი ღირებულება გაამართლონ.

„თითქმის ერთი თვეა ბალონის დატუმბას უშედეგოდ ვცდილობ. ქალაქში ჩამოვდივარ, ერთი ადგილიდან მეორეზე დავდივარ, მაგრამ გაზი არსად არის.  სოფელში დადიოდა მანქანა, მაგრა ისიც აღარ ამოდის.  არადა ახლა ისეთი პერიოდია, ყველაზე მეტად გვჭირდება. ხალხი ამბობს,   ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მერე გაზზე ფასი აუწიონო. აქამდე თუ ერთი კილოგრამი გაზი 3.50 ლარი ღირდა, ახლა 4 ლარად ყიდიან,“  – ამბობს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთის მკვიდრი ცირა ფანჩულიძე.

ქუთაისში, თხევადი გაზის რეალიზატორ  სადგურებში  აცხადებენ, რომ მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა. სადგურების წარმომადგენელთა თქმით, გაზზე ფასის მატება არ იგეგმება.  გაზის დეფიციტს კი იმპორტთან დაკავშირებული პრობლემებით ხსნიან.

„მოსახლეობისგან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ახლა გაზი არ გვაქვს. მანამდე 3 ტონა ნედლელული  5 დღეში გათავდა, როცა თვის განმავლობაში 6 ტონამდე გაზის რეალიზაციას ვახდენთ. ველოდებით, დაახლოებით 15–მდე ვაგონი უნდა ჩამოვიდეს. ფასი ძველებურად დარჩება,  3 ლარიდან  3.30 ლარამდე,“ – ამბობს ერთ–ერთი სადგურის წარმომადგენელი გია ლიკლიკაძე.

შპს „გაზენერჯის“ ქუთაისის  ფილიალში, საიდანაც თხევადი გაზით რეგიონში არსებული სარეალიზაციო პუნქტები მარაგდება, აცხადებენ, რომ წელიწადის ამ დროს ყოველთვის ასე ხდება.  დეფიციტის მიზეზად აზერბაიჯანში, იმ ქარხნების გაჩერებას ასახელებენ, რომლებიც თხევად გაზს მოიპოვებენ.  

„ აზერბაიჯანში მდებარე  გაზის მომპოვებელი ორი ქარხანა ამ დროს გეგმიურ რემონტზე გადის. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ქარხნები უკვე შეუდგა მუშაობას და დაახლოებით 10 დღეში ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს.  კრიზისი იმან გამოიწვია, რომ  ჩვენთან  შემოტანილი თხევადი გაზის 80–90% სწორედ  აზერბაიჯანზე მოდის.  დანარჩენი 10 %– ერაყზე. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გაზის დეფიციტი რიკოთის უღელტეხილზე  იმ მანქანის აფეთქებას უკავშირდება, რომელსაც გაზი გადაჰქონდა. ეს შემთხვევა 12 აგვისტოს დაფიქსირდა, გაზი კი ერთი თვეა რაც არ არის,“ – ამბობს  შპს „გაზენერჯის“ წარმოების უფროსი კობა კალანდაძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე