|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რამ გამოიწვია ლარის ინფლაცია?

   გაძვირებული ცხოვრება და ხვალინდელი დღით შეშინებული მოსახლეობა. გვიშველის თუ არა შემოჭერილი ქამრები, რა პროგნოზები კეთდება ეგრეთწოდებული ,,შუშის სასახლიდან“ და სახელისუფლებო ტრიბუნებიდან. რას უპირებს ხელისუფლება მოსახლეობას,  ამ და სხვა საკითხებზე გადაცემა ,,იმედის კვირის“ ეთერში ვიცე პრემიერმა და ეკონომიკის მინისტის მოადგილემ გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.  ,, ქამრების შემოჭერა ეს არის პირველი ადეკვატური ნაბიჯი მაშინ, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა დაზარალდა. მთავრობა ამ დროს ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით გადადგას შემხვედრი ნაბიჯები“ ,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

    რა ქმედებებში გამოიხატება ქამრების შემოჭერა? აღნიშნულ შეკითხვაზე კვირიკაშვილი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა: ,, საუბარია ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებაზე, ჩვენ ამ კვირაში წარმოავადგენთ დეტალიზირებულ შემცირებულ გეგმას, რა პროცენტითაც მოხდა მთელი წლის განმავლობაში დევალვაცია, სწორედ ასეთივე პროცენტული მაჩვენებლით მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ეს იქნება ყველა მიმართულებით, მოგეხსენებათ, ადმინისტრაციული ხარჯები შედგება სხვადასხვა პუნქტებისგან. ჩვენ გვაქვს კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი გეგმა და ნამდვილად არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად განწყობილები, ამის მიზეზი არ გვაქვს“,- აცხადებს კვირიკაშვილი.

  ვიცე პრემიერი არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს პრივატიზებაში ხედავს, მისივე  თქმით, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს უკვე გააჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა.: ,,პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩვენი გეგმის ნაწილი არის პრივატიზაციის გააქტიურება, საუბარი არის კონკრეტული ობიექტების ჩამონათვალზე, რომელთა პრივატიზაციაც მოხდება უახლოეს დღეებში. არის რამდენიმე ობიექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდმა უკვე დაასრულა და მოხდება მათი პრივატიზება. ერთ-ერთი ასეთია გარდაბანში არსებული თბოელექტროსადგური. აღნიშნულის განხორციელებით მოხდება სავალუტო თანხების შემოდინება და აქ საუბარია დაახლოებით 250 – 300 მილიონ დოლარზე“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

       კვირიკაშვილის განცხადებით, ხდება ისეთი ობიექტური მოვლენები ჩვენს გარშემო, რასაც არავინ ელოდება და სწორედ ეს არის დღევანდელი სიტუაციის მიზეზი.  "პირადად მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე რაც ხდება, იმ სუბიექტური დონით, რაც რა თქმა უნდა ჩვენზე არის დამოკიდებული. არის ისეთი მოვლენები, რომლებიც ობიექტურად ჩვენს გარეშე ვითარდება, არავინ არ ელოდა, რომ მინსკის შეთანხმება დაირღვეოდა, თუმცა დაირღვა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

  გიორგი კვირიკაშვილი ოპოზიციის იმ ბრალდებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვით, ხელისუფლება და ქართველი ხალხი სხვადასხვა ქვეყანში ცხოვრობენ: ,,მე ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მოსახლეობაა და ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ არსებული სიტუაციიდან და ჩვენ ამას ვაკეთებთ“ ,- აცხადებს კვირიკაშვილი. 

  ,,ლარის ინფლაცია გამოიწვია დაახლოებით 30%-ით ექსპორტის შემცირებამ, მას არ მიჰყვა ინერციით იმპორტის მაჩვენებელი და ამ ყველაფერმა მიგვიყვანა დღევანდელ შედეგამდე“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

    

  

  

ავტორი: გიგა გელხვიიძე