|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიპლომატიიდან სახალხო არტისტამდე

ნინა თარხან-მოურავი კარიერის დაწყების დღიდან რუსთაველის თეატრში მოღვაწეობს, დღეს კი იგი ამ თაეტრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. თეატრალურში ჩაბარება მისი ოცნება არ იყო, თუმცა დღეს რომ შანსი მიეცეს პროფესიას არ შეიცვლიდა. ძალიან უყვარს კინო გადაღებები, რაშიც ამ ბოლო დროს მონაწილეობას ვეღარ იღებს, ეს კი წყინს. ჩართულია სხვადასხვა ღონისძიებებში,მათ შორისაა მუსიკისა და პოეზიის ფესტივალი „პოემუსი“. თავისი პროფესია ძალიან უყვარს, სწორედ ამას ურჩევს ის დამწყებ მსახიობებს. საკუთარი საქმის სიყვარული ნინა თარხან-მოურავს  წარმატების გარანტად მიაჩნია.

ა გზა გაიარეთ რუსთაველის თეატრამდე? როგორ დაიწყო თქვენი სამსახიობო კარიერა?

-თეატრალურ უნივერსიტეტში შესანიშნავ ჯგუფში მოვხვდი თავის პედაგოგებიანად. ინსტიტუტში, მესამე კურსიდან უკვე დავიწყეთ  საჯაროდ სპექტაკლების თამაში. იყო ასეთი თეატრი იქვე ინსტიტუტთან, რომელსაც  „სპარტაკი“ ერქვა.  ჩვენი ჯგუფი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა  და მერე ყველა ერთად აგვიყვანეს რუსთაველის თეატრში ჩვენი სპექტაკლებიანად და დაგვითმეს მცირე სცენა, სადაც წარმატებით ვიმოღვაწევეთ 9 წლის განმავლობაში.

ძირითად დასში როგორ მოხვდით?

-ძირითად დასში ვიყავით ყველა, უბრალოდ ამ 9 წლის მანძილზე ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგმა თავი დაანება სამსახიობო კარიერას, სპექტაკლებიც ცოტა დაძველდა და ასე ნელ-ნელა მოხდა სხვა სპექტაკლებში განაწილება.

თქვენი საყვარელი სპექტაკლი და როლი, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მოგიტანათ.

-არ ვიცი, ასე ვერ გამოვყოფ. იყო ანა რანკი, მერე ვიკა ლუბერეცკაია ვასილიევი პიესიდან „ხვალ კი ომი იქნება“ , რომელსაც ჩვენ დავარქვით „ამაღამ მგონი იქნება ქარი“. ოფელიაც იყო და ბევრი სხვაც, მე ყველა მიყვარს, ყველას განსაკუთრებული და თავისი ადგილი უჭირავს. წარმატება რომელმა მომიტანა არ ვიცი, მაშინ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით.

დღეს, როცა სცენაზე გადიხართ იმავეს განიცდით, რასაც კარიერის დასაწყისში?

-მგონი კი, ყოველთვის ისე ვღელავ თითქოს პირველად გავდიოდე სცენაზე.

თეატრის პარალელურად, თუ ხართ დაკავებული სხვა საქმიანობით და რა ღონისძიებებში იღებთ მონაწილეობას?

-ვახმოვანებ ფილმებსა და სერიალებს რუსთავი 2-ზე და ასევე იყო  მუსიკისა და პოეზიის ფესტივალი „პოემუსი“, რომელიც საქველმოქმედო ხასიათის იყო.

- "პოემუსზე" იქნებ ცოტა ვრცლად მოგვიყვეთ.

- „პოემუსი“ - ეს არის ფესტივალი, რომელიც მართავს საქველმოქმედო კონცერტებს. მე ბედმა გამიღიმა და ბექა ელბაქიძის  წყალობით მომეცა საშუალება ჩემი პატარა წვლილი შემეტანა საქველმოქმედო საქმეში. არაჩვეულებრივი ადამიანების ჯგუფთან ერთად ვმართავდით პოეზიისა და მუსიკის საღამოებს, რათა შეგვეგროვებინა ფული და დავხმარებოდით ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს  მკურნალობაში. ფესტივალი 2 წელია იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. წელს კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად 20 უცხოელი არტისტი ჩამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ფესტივალმა საერთაშორისო ხასიათი მიიღო.

თქვენ ასევე ცნობილი მსახიობის თემიკო ჭიჭინაძის მეუღლე ბრძანდებით, ძალიან საინტერესოა, როგორია მსახიობი წყვილის თანაცხოვრება, მოგვიყევით თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღის შესახებ.

-ეს ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც დანარჩენი წყვილების ამბავი. ოჯახი, მეგობრები, სპექტაკლები და ა.შ.  ამასთან ცოლქმრობა ეს რაღაც პირადულია, აბა რა მოგიყვეთ?

ის თუ როგორია დედა ნინა თარხან-მოურავი, ან თუ იქონია თქვენი შვილის მომავალ პროფესიაზე გავლენა მშობლების პროფესიამ?

-ჰო, ალბათ იქონია, ოღონდ საპირისპიროდ. ჩემი შვილი დიზაინერია, სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მე, როგორც დედა რა ვიცი, ვცდილობ მხოლოდ გამოცდილება გავუზიარო და რჩევა მივცე, ხოლო არჩევანის გაკეთება მისი საქმეა. არ ვიცი ეს სწორია თუ არა, მაგარამ მე ასე ვიქცევი.

რამდენად დატვირთულია მსახიობის ცხოვრება საქართველოში? ახლა რომ შანსი მოგეცეთ, შეცვლიდით თუ არა პროფესიას?

-მეტ ნაკლებად. რადგან აქამდე არ შევცვალე ალბათ არა, რადგან შანსი ყოველთვის ჩვენ ხელთაა და თუ მოვინდომებთ გამოვიყენებთ.

გიწევთ თუ არა მონაწილეობის მიღება კინო გადაღებებში?

-ამ ბოლო დროს არა, რაც არ დაგიმალავ და ძალიან მწყინს, იმიტომ, რომ კინო ძალიან მიყვარს.

ხომ ვერ დაასახელებდით საყვარელ კინო როლს, და თუ არსებობს როლი თეატრში ან კინოში, რომელზეც ოცნებობთ?

-აქაც იგივე ხდება, რაც თეატრში რომლების მხრივ, ვერცერთს ვერ გამოვყოფ. საშა რეხვიაშვილის „საფეხურის“ გოგოც ძალიან მიყვარს და „ხარება და გოგიას“ ოლიკოც, ასევე გიგა  ლორთქიფანიძის „პრემიერის კატოც“ და ა.შ.  საოცნებო როლი მაქვს, მაგარამ ეს საიდუმლოა.

როდის გადაწყვიტეთ, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყავით. იყო თუ არა ეს ბავშვობის ოცნება?

-არა, მსახიობობა ჩემი ბავშვობის ოცნება არ იყო, დედას კი ძალიან უნდოდა თეატრალურში ჩამებარებინა და მეც მის თხოვნას დავთანხმდი. თეატრალურში გამოცდები ივნისში, ანუ სხვებთან შედარებით, ადრიანად მთავრდებოდა, ამიტომ დედაჩემის ოცნება ავასრულე და ჩავაბარე.

თქვენ სად გინდოდათ ჩაბარება?

-მე მინდოდა დიპლომატი ვყოფილიყავი, მაგარამ დედაჩემის სურვილმა გავლენა იქონია ჩემზე  და როგორც აღმოჩნდა სწორი არჩევანიც გავაკეთე.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მსახიობობაზე ოცნებობენ და მათ, ვინც ახლა იწყებს სამსახიობო კარიერას?

-ვინც ნამდვილად ოცნებობს - ოცნების ასრულებას ვუსურვებ. ვინც ახლა იწყებს კი ვუსურვებ თავისი საქმის უანგარო სიყვარულსა და რწმენას, მაშინ ყველაფერი გამოვა.

ავტორი: ბაია კუბლაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა