|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შედეგების პრეზენტაცია თბილისში

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი უვე მეოთხე თვეა საქართველოს ხუთ თვითმმართველ ქალაქში - ქუთაისი, თელავი, ახალციხე, გორი და ზუგდიდი  - ახორციელებს პროექტს, რომლის უმთვრესი მიზანი ქალაქის მერიის სათათბირო ორგანოს, ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნებაა. უკვე ცნობილია, რომ ქუთაისის ხუთ  (ცენტრალურ, ვერიკო ანჯაფარიძის, მოსწავლე ახალგაზრდობის, კიკვიძისა და ბოტანიკურ) ბაღში მოეწყობა ,,ღია ბიბლიოთეკა“,  ბიბლიოთეკაში მხატვრულ და საბავშო ლიტერატურასთან ერთად ჟურნალ-გაზეთებიც განთავსდება. 
დადგა ის დღეც, როცა უნდა შეგვეჯამებინა და საზოგადოებისათვის წარგვედგინა  ჩვენი მუშაობის  შედეგები. ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან 50 მოტივირებული  და აქტიური ახალგაზრდა,    მიზანმიმართული ქალაქის იერსახის შეცვლისაკენ, თბილისში შევიკრიბეთ.  დღე დიდი ემოციებითა და მოლოდინებით  დაიწყო, თუმცა რეალობამ ნამდვილად ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
შეხვედრა 24 აპრილს, 14.00-ზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა. შეგახსენებთ, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს ხუთ ქალაქში: გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა წარმატებით ითანამშრომლეს მათი ქალაქის არჩეულ მერთან. თანამშრომლობის შედეგად ნაწილობრივ შეიცვალა ხუთივე ქალაქის იერსახე და ახალგაზრდების მერებთან თანამშრომლობა გადავიდა  ინსტიტუციურ ნიადაგზე.



შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ამავე ქალაქების მუნიციპალიტეტის მერები,   ბატონები ზურაბ ჯირკველიშვილი, პლატონ კალმახელიძე,  გიორგი კოპაძე, შოთა მურთულია,  ირაკლი გოგოხია; ცესკოს თავმჯდომარე, ქალბატონი თამარ ჟვანია; საარჩევნო სისტემების განვითარების,  რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ნათია ზაალიშვილი; ქალაქ თბილისის მერი, ბატონი დავით ნარმანია; ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ალიბეგაშვილი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, ბატონი სოზარ სუბარი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ბატონი მიხეილ გიორგაძე; სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბატონი რატი ბრეგაძე.


მოწვეული სტუმრებისგან ძალზედ დადებითი დამოკიდებულება ვიგრძენით. მათმა სიტყვებმა კი ერთი-ორად გაგვიზარდა მოტივაცია. თვითმმართველი ქალაქის მერებმა განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ მიესალმებიან მსგავს ინიციატივებს, რომელთა განხორციელება ბევრად კომფორტულს და კრეატიულს გახდის საჯარო სივრცეებს.
ბატონმა დავით ნარმანიამ კი სურვილი გამოთქვა, რომ მსგავსი პროექტი თბილისშიც განხორციელდეს.
საბოლოოდ, ბევრი დადებითი შეფასება და ემოცია მივიღეთ, შევხვდით ჩვენს „თანამებრძოლებს“ სხვა ქალაქებიდან და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. „ძალა ერთობაშიაო“ და ჩვენც გვჯერა, რომ სწორედ ერთად შევძლებთ, უკეთესობისკენ  შევცვალოთ ჩვენი საერთო სამშობლო.


ავტორი: ანა საკანდელიძე, ლაშა ბოჭორიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა